საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან ერთად, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. მათ ბრალი ედებათ ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით დიდი რაოდენობით ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გამოყენებასა და ადამიანის სიცოცხლისა თუ ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული პროდუქციის წარმოებაში. ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200¹ მუხლის მე-2 ნაწილითა და 197-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ქალაქ რუსთავში, მესხიშვილის ქუჩა №6-ში მდებარე „დაცვის კომპანია ალგანის“ ოფისში ამზადებდნენ სხვადასხვა ცნობილი ბრენდის არაყს, ბეჭდავდნენ ყალბ აქციზურ მარკებს და მათით ახდენდნენ ალკოჰოლური სასმელების მარკირებას. ფალსიფიცირებული პროდუქცია რეალიზებული იყო ქვემო ქართლის ტერიტორიაზე მოქმედ სავაჭრო წერტილებსა და კვების ობიექტებში.
ოფისის, მის მიმდებარედ გაჩერებული ავტომობილისა და სავაჭრო ობიექტების ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი და ამოღებულია: სხვადასხვა ბრენდის (მათ შორის: „Stolichnaya“, „Nemiroff“, „Black Sea“, „Finlandia“, „Talka“, „Koskenkorva Vodka“, „Parliament“ და „Grey Goose“) ჯამში 204 ბოთლი ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი, 402 ცალი ცარიელი ბოთლი ჩამოსასხმელად, წარმოებისთვის საჭირო მასალები, 1,053 ცალი ყალბი აქციზური მარკა, ასევე კომპიუტერული ტექნიკა ყალბი მარკების ელექტრონული ფაილებით.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური უწყვეტად ატარებს საგამოძიებო მოქმედებებს სავაჭრო წერტილებიდან ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელების გამოვლენისა და ამოღების მიზნით.