2025 წლის სექტემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სესხებზე საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, სექტემბერში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 13.95% იყო, 2024 წლის სექტემბერში კი 12.79%.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის სექტემბერში ზრდა უფრო მეტად ლარში აღებულ კრედიტებს შეეხო. კერძოდ, სებ-ის მონაცემებით, გასულ თვეს საპროცენტო განაკვეთები ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე 15.89%-ს შეადგენდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 14.47%-ს. მათ შორის, იურიდიულ პირებზე გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთებმა 11.49%-დან 13.99%-მდე მოიმატა, ხოლო ფიზიკური პირებისთვის 17.14%-დან 17.67%-მდე.
რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში გაცემულ კრედიტებს, აქ გაიზარდა როგორც ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები, ასევე იურიდიულ პირებზე. კერძოდ, სებ-ის სტატისტიკით, 2025 წლის სექტემბერში ფიზიკური პირებისთვის უცხოურ ვალუტაში კრედიტებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთები 8.36%-ს შეადგენდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში – 8.13%-ს. იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები კი 9.51%-დან 9.54%-მდე გაძვირდა.
ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2025 წლის სექტემბრის ბოლოსათვის 67.52 მილიარდი ლარი შეადგინა. რაც 760.04 მილიონი ლარით (1.14%-ით) მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.85% -ით მეტი). სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 13.32% შეადგინა. ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 561.08 მლნ ლარით (1.46%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 198.96 მლნ ლარით (0.70%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.03%-ით). 2025 წლის სექტემბრის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 57.77% შეადგინა.