
წლების ლოდინის შემდეგ, როცა სოფელ სულდაში გაზის გაყვანის შესახებ დაიწყო საუბარი, ადგილობრივი მოსახლეობა ახალი პრობლემის წინაშე დადგა: ქალაქიდან სოფელში გაზის შეყვანისთვის, თითოეულმა ოჯახმა უნდა გადაიხადოს დაახლოებით 2900 ლარი.
ეს თანხა სოფლის მცხოვრებლებისთვის დიდი ხარჯია, განსაკუთრებით შემოდგომაზე, როდესაც საწვავის შეძენაა საჭირო. გარდა ამისა, გაურკვეველია, ზუსტად როდის დასრულდება გაზის გაყვანის სამუშაოები, რაც კიდევ უფრო ზრდის ხალხის უნდობლობას.
სულდის მაცხოვრებლები ასევე სვამენ კითხვას: რატომ დაჯდა სხვა სოფლებში გაზის გაყვანა უფრო იაფი, ხოლო სულდაში – ასეთი ძვირი?
კომპანია SJGC-ის დირექტორი, ვრეჟ ბერიკიანი, განმარტავს, რომ ფასი განპირობებულია არა შემთხვევით, არამედ მანძილითა და სამუშაოს მასშტაბით.
„სოფელ აბულში გაზის გაყვანის სამუშაოები სწრაფად მიმდინარეობდა: სოფელი დაახლოებით სამ კილომეტრშია და გაზსადენის ხაზის დიამეტრი 75 მმ-ია. სულდას შემთხვევაში კი გაზსადენი 16 კმ-ია და 160 მმ დიამეტრის. ეს მნიშვნელოვნად ზრდის ხარჯებს. იმის მიუხედავად, თუ რომელი სოფლიდან დაიწყება სამუშაოები, დადეშის, ბოზალის, სულდასა და კარწახის მაცხოვრებლებისთვის ფასი ერთი და იგივე იქნება, მანძილისა და მილის დიამეტრის გათვალისწინებით“, – აღნიშნა მან.
თუმცა, გაზის ძირითადი ხაზის გაყვანა ჯერ კიდევ საბოლოო გადაწყვეტა არ არის: ამის შემდეგ ასევე საჭიროა გაზის სახლში შეყვანა და შიგნით გათბობის სისტემის დამონტაჟება.
„დარწმუნებულები არ ვართ, რომ გაზი სოფელში შევა. თუ საწყისი სამუშაოები დაიწყება, ვნახავთ, გაზი ნამდვილად შევიდა თუ არა, და მერე გადავიხდით. მაგრამ დაურწმუნებლად არავინ მისცემს ფულს. ხალხი მთელი წელი მუშაობს, რომ ზამთარს „გაუძლოს“. თუ ამ თანხას გაზზე დახარჯავენ, ზამთარში როგორ იცხოვრებენ. როდესაც სახელმწიფო გაზს სოფელში შეიყვანს, ყველანი გადაიხდიან სახლში შეყვანისთვის, მაგრამ ერთბაშად არ შეგვიძლია“, – ამბობს სულდის მცხოვრები არტუშ ხაჩატრიანი.
მეორე მცხოვრები კი დასძენს: „ახლა ხალხს ფული სჭირდება მოსავლის ასაღებად. ჩვენი ოჯახი, მაგალითად, შეიძლება რაღაცნაირად გადაიხადოს, მაგრამ სხვები – არა. მარტო საწვავისთვის უკვე 2000 ლარი გადავიხადეთ“.
ვრეჟ ბერიკიანის თქმით, კომპანიამ სოფლის მცხოვრებლებს შესთავაზა საწყისი დახმარება – 2500 ლარი მოსახლეობიდან, ხოლო დარჩენილი 400-500 ლარი – მოგვიანებით.
ზოგიერთი მაცხოვრებელი გვთავაზობს, რომ გადახდა სამ ეტაპად მოეწყოს, რათა ხალხმა შეძლოს თანდათან გადახდა.
„ორმა-სამმა ადამიანმა შემოგვთავაზა ასეთი ვარიანტი. ეს განსახილველი საკითხია, უნდა დავსხდეთ და გავარკვიოთ, დათანხმდებიან თუ არა ყველა. ჩვენ მზად ვართ განხილვებისთვის. დაე, მაცხოვრებლებმა წარმოადგინონ თავიანთი წინადადებები და ჩვენ განვიხილავთ მას“, – ხაზი გაუსვა ბერიკიანმა.
სულდას მცხოვრებლები იმედოვნებენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები დაეხმარებიან ხარჯების ტვირთის შემცირებაში.
„თუ სახელმწიფო ცოტათი დაგვეხმარება, მოსახლეობა შეძლებს გადახდას. გაზის ქონა ჩვენთვის მხოლოდ კომფორტი კი არა, აუცილებლობაა, განსაკუთრებით ზამთარში“, – დასძინა სოფელ სულდას მცხოვრებმა გევორგ ჯანოიანმა.
როგორც შევიტყვეთ, სოფელ სულდას მცხოვრებლებმა უკვე წერილობით მიმართეს ახალქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს დახმარების მისაღებად, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიუღიათ.
ავტორი ჰნაზიკ ავეტისიან