
2025 წლის 20 ოქტომბერს, სომხეთის ანტიკორუფციულმა კომისიამ – სახელმწიფო უწყებამ, რომელიც კორუფციის შემთხვევებს იძიებს, – დააკავა ქალაქ გიუმრის მერი, ვარდან ღუკასიანი.
გიუმრის მერიასთან სამართალდამცავების რამდენიმესაათიანი მობილიზებების შემდეგ, 15:06 საათისათვის, ღუკასიანი შენობიდან გამოიყვანეს. ის ერევანში გადაჰყავთ, საპატიმროში.
მცირე ხნით ადრე მოხდა ღუკასიანის მხარდამჭერებისა და სამართალდამცავების ფიზიკური დაპირისპირება. დააკავეს რამდენიმე დემონსტრანტი, რომლებიც მერის მხარდასაჭერად გამოვიდნენ ქუჩაში.
ადგილზე შეიკრიბნენ „კომუნისტური პარტიის“ მხარდამჭერები, – იმ პარტიისა, რომელსაც ღუკასიანი წარმოადგენს.
ღუკასიანი ღიად უჭერს მხარს ინიციატივას, რომ სომხეთი რუსეთ-ბელარუსის „სამოკავშირეო სახელმწიფოს“ შეუერთდეს, – „სუვერენიტეტის დაცვით“.
ანტიკორუფციული კომისია აღნიშნავს, რომ „მასშტაბური ოპერატიულ-სადაზვერვო ღონისძიებებისა და საიდუმლო საგამოძიებო მოქმედებების შედეგად“, დაადგინეს, რომ ვარდან ღუკასიანმა და ქალაქის ადმინისტრაციაში მთავარ არქიტექტორად დასაქმებულმა პირმა წინასწარი შეთანხმებით მოითხოვეს და მიიღეს მოქალაქისგან ქრთამი.
აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ამავე უწყების თანახმად, გამოცემულია, ჯამში, რვა ადამიანის დაკავების ბრძანება.
გიუმრის მერიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია დაიწყო ერევანშიც.