
საქართველოში პური 5-10 თეთრით გაძვირდა. პურის გაძვირების მიზეზად ფქვილის ფასის და საწარმოებში ხელფასების მატება დაასახელა BMG – სთან საუბარში პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მალხაზ დოლიძემ.
ეკონომისტი რომან გოცირიძე კი მიიჩნევს, რომ პურის ფასი აქამდეც იზრდებოდა, მაგრამ ამაზე საქსტატი დუმდა, ხოლო ახლა პურის მწარმოებელმა რამდენიმე კომპანიამ ფასის ზრდის საკითხი საჯარო გახადა.
ეკონომისტის აზრით, არა მხოლოდ პურზე, არამედ ზოგადად, ფასების ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეროვნული ბანკის არასწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკაა.
„გასულ წელს წინასაარჩევნოდ 800 მილიონ დოლარამდე უცხოური ვალუტის რეზერვები გაყიდა, რამაც კრიტიკული ვითარება შექმნა. წელს იგი ავსებს ამ რეზერვებს (სადაც რუსულ ფულს კვლავ მნიშვნელოვანი როლი უჭირავს). სწრაფი ტემპით რეზერვების შევსება ანუ დოლარის შესყიდვა, ერთი მხრივ, არ აძლევს ლარს საბაზრო ნიშნულამდე გამყარების საშუალებას, რაც მნიშვნელოვანია იმპორტდამოკიდებული ქვეყნისათვის, მეორე მხრივ, იზრდება ფულის მასა მიმოქცევაში.
ეროვნულმა ბანკმა წლის დასაწყისიდან იყიდა დაახლოებით 1,4 მილიარდი დოლარი, რაც მიმოქცევაში თითქმის 4 მილიარდი ლარის გაშვებას ნიშნავს. გარდა ამისა, ეროვნული ბანკი კვლავ აგრძელებს ე. წ. იაფი ფულის პოლიტიკას და დიდძალ სესხებს აძლევს კომერციულ ბანკებს ყოველკვირეულად (ე. წ. რეფინანსირების სესხები).
ფასების ზრდა ისეთ პირობებში, როცა საგარეო უარყოფითი ფაქტორი თითქმის მინიმალურია, მთლიანად მთავრობის (მათ შორის ბიუჯეტის) და ეროვნული ბანკის ცუდი საფინანსო და საკრედიტო პოლიტიკითაა გამოწვეული,“ – მიიჩნევს რომან გოცირიძე.