ახალქალაქელი მასწავლებელი ჟანა ხაჩატურიანი 2025 წლის ეროვნული მასწავლებლის ჯილდოს გამარჯვებულად დასახელდა.

კონკურსის ფინალი 30 სექტემბერს, თბილისში გაიმართა.

„ეს ჯილდო ეკუთვნის ჩემს რეგიონს – სამცხე-ჯავახეთს, ეს ჯილდო ეკუთვნის ჩემს სკოლას – ახალქალაქის ილია ჭავჭავაძის სახელობის №3 საჯარო სკოლას, ჩემს მოსწავლეებს, ჩემს ოჯახს და ჩემს ქვეყანას“, – განაცხადა ჟანა ხაჩატურიანმა დაჯილდოების დროს, სატელევიზიო გადაცემა „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში.

წელს, ეროვნული მასწავლებლის ჯილდოს შესარჩევი კონკურსის ფარგლებში 2455 მასწავლებელი მონაწილეობდა. შეირჩა ათი საუკეთესო მასწავლებელი, მათ შორის ხუთი ფინალისტი, რომელთაგანაც გამარჯვებული შეირჩა.

ამ წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები გახდნენ:

ჟანა ხაჩატურიანი, საგანი „მე და საზოგადოება“, სამოქალაქო განათლების (მოქალაქეობა) მასწავლებელი ილია ჭავჭავაძის სახელობის №3 საჯარო სკოლა- ახალქალაქი;

ელენე ბეთლემიშვილი, დაწყებითი კლასების მასწავლებელი №3 და №8 საჯარო სკოლები-გორი;

ნესტან კუბლაშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თბილისის №172 საჯარო სკოლა;

მაია ლაპიაშვილი, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი №1 საჯარო სკოლა- დედოფლისწყარო;

შალვა მინდაძე, ისტორიის მასწავლებელი თბილისის №70 საჯარო სკოლა.

ჟანა ხაჩატურიანის გადაწყვეტილება, მონაწილეობა მიეღო კონკურსში, სპონტანური არ ყოფილა. ამის შესახებ დეტალურად წაიკითხეთ მასალაში:
ახალქალაქელი ჟანა ხაჩატურიანი საქართველოს ათ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა“.

მასწავლებლის ეროვნული პრემია საქართველოში 2017 წლის 13 მაისს დაარსდა. ინიციატივა გლობალური კამპანიის „მასწავლებლის გლობალური პრემიის“ ნაწილია. პრემიის მიზანია საქართველოში პროფესიის პოპულარიზაცია, მასწავლებლის პრესტიჟის ამაღლება, წარმატებული მასწავლებლების გამოვლენა და საზოგადოებისთვის მათი გაცნობა.