მაშინ, როდესაც ჯავახეთში პენსიონერები საკუთარ დროს მთლიანად უთმობენ შვილებსა და შვილიშვილებს, უარს ამბობენ პირად განვითარებაზე, ახალციხეში ხანდაზმულებს თვითრეალიზაციისა და დასვენებისთვის შესაძლებლობები აქვთ. ეს შესაძლებლობა შეიქმნა „სოციალური ინტეგრაციის ცენტრ 60+“-ში, რომლის ფარგლებშიც ადამიანები ურთიერთობენ, ენებს სწავლობენ, ნაწარმს ამზადებენ და ყიდიან.

პროექტს „სოციალური ინტეგრაციის ცენტრი 60+“ ახალციხეში ახორციელებს ასოციაცია „ტოლერანტი“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

ინიციატივა მხარდაჭერილი იყო პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში ახორციელებდა CENN პარტნიორ ორგანიზაცია „ქვემო ქართლის მედიასთან“ (KKM) ერთად.

თავად პროექტი „სოციალური ინტეგრაციის ცენტრი 60+“ 2025 წლის ივნისში დასრულდა, თუმცა, მაღალი მოთხოვნის გამო, ასოციაცია „ტოლერანტი“ პროგრამის განხორციელებას მოხალისეობრივ საფუძველზე აგრძელებს.

პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის“ მოიცავდა სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებს. მისი მიზანი იყო ხარისხიანი სოციალური სერვისების შექმნა.

პროექტის მენეჯერმა, ნინო თევზაძემ, განაცხადა:

„სოციალური სერვისები ადრეც არსებობდა, მაგრამ ჩვენმა პროექტმა ისინი უფრო ეფექტიანი გახადა. ჩვენ ჩავატარეთ სხვადასხვა აქტივობა. ორგანიზაცია „ტოლერანტის“ ბაზაზე ხანდაზმულ პირებს შეეძლოთ ფსიქოლოგიური და იურიდიული დახმარების მიღება, თემატურ სემინარებსა და ტრენინგებზე დასწრება. ამან მათ მისცა შეხვედრისა და უფრო აქტიურობის საშუალება. ხომ ასეა, პენსიაზე გასვლის შემდეგ ადამიანები სახლში რჩებიან და სოციალიზაცია მათთვის პრობლემად იქცევა. ჩვენ დავეხმარეთ მათ, რომ სოციალურად აქტიურები ყოფილიყვნენ.“

60+

„60+ წლის სოციალური ინტეგრაციის ცენტრში“ 35 ბენეფიციარი დადის. ისინი სწავლობენ ინგლისურს, სომხურს და ქართულს, გასაყიდად ამზადებენ სამაჯურებსა და სანთლებს.

გოჰარ ონსუზიანი ცენტრში გახსნის დღიდან დადის. მან ცენტრის გახსნის შესახებ ონლაინ შეიტყო. მანამდე გოჰარი მძივებით კერავდა, მაგრამ ენატრებოდა სოციალიზაცია და ინგლისურის შესწავლა სურდა.

„ჩემი მთავარი მიზანი სოციალიზაცია იყო, რადგან 60 წლის შემდეგ ჩემი ნაცნობების წრე ვიწროვდება. სახლში მოსაწყენია, მაგრამ აქ ახალი ხალხი და კლუბებია. სასტუმროს მენეჯერად ვმუშაობდი. სახლში მძივებით ხეებს ვამზადებ. ევროპის დღისთვის ჩვენი ნამუშევრები თბილისში წავიღეთ. სალომე ზურაბიშვილმა ჩემგან მძივებით დამზადებული ხე იყიდა. შემდეგ გასტროლებზე წავედით და საგანმანათლებლო ლექციებს დავესწარით. ბევრი რამ ვისწავლეთ ჩვენი ქალაქის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ განათლება გვაქვს მიღებული და აქ ვცხოვრობთ“, – ამბობს გოჰარ ონსუზიანი.

მას ორი შვილი ჰყავს: 36 წლის ვაჟი, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს და 42 წლის ქალიშვილი, რომელიც სტომატოლოგია.

შალვა ტაბატაძე ცენტრში თანატოლებთან ურთიერთობისა და ინგლისური ენის შესასწავლად დადის. ის 75 წლისაა, მისი შვილები გაიზარდნენ და ცალკე ცხოვრობენ, თავად კი მეუღლესთან ერთად ცხოვრობს.

„ერთი მიზანი მაქვს: ახლო ურთიერთობები და ინგლისური ენის სწავლა ერთდროულად. ჩემს ასაკში მნიშვნელოვანია ცოდნის განახლება და მეხსიერების გავარჯიშება. დღესდღეობით ადამიანები იზოლირებულები არიან და ნათესავები შეიძლება წელიწადში ერთხელ დამირეკონ და დაბადების დღე მომილოცონ და სულ ესაა. აქ კი კარგად ვატარებთ დროს-ვუახლოვდებით ერთმანეთს , ექსკურსიებზე დავდივართ. ვყოფილვართ ასპინძაში და თბილისში“, – ამბობს ტაბატაძე.

ის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოდან არის, მოგვიანებით კი ახალციხის სოფელ აგარაში გადავიდა საცხოვრებლად. პროფესიით ფილოლოგია. კითხვაზე, თუ რატომ არ მოდის მისი მეუღლე ცენტრში მასთან ერთად, ის ღიმილით პასუხობს:

„მას თავისი წრე ჰყავს. სულაც არ არის აუცილებელი, რომ ცოლ-ქმარმა ერთად დაისვენოს“.

60+2

ზინაიდა ნიკოშვილი ცენტრს სტუმრობს, რათა შეინარჩუნოს გონებრივი შესაძლებლობები. ის 77 წლისაა. ცენტრის შესახებ მეგობრისგან გაიგო. ის აქ იღებს ცოდნას, ურთიერთობს და ცენტრის ატმოსფეროც სასიამოვნოა მისთვის.

„ნოემბერში 77 წლის გავხდები. ჩემს ასაკში მნიშვნელოვანია, რომ გონებრივი შესაძლებლობები შევინარჩუნო. აქ მოვდივარ ინგლისურის და ურთიერთობის გამო, რათა სახლის გარემო შევცვალო ახლით. ეს განსაკუთრებით მჭირდება მას შემდეგ, რაც მეუღლე დავკარგე და მარტო დავრჩი. შვილები ცალკე ცხოვრობენ და მარტოობა მაწუხებს. აქ კი უფრო მიადვილდება. ამბობენ, რომ ის, ვინც მარტოობაში იპოვა საკუთარი თავი, ყველაზე ბედნიერი ადამიანია. მაგრამ მე ეს მიჭირს“, — გვიზიარებს ზინაიდა ნიკოშვილი.

„მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა ოფიციალურად ამა წლის ივნისში დასრულდა, ბენეფიციარები კვლავ აგრძელებენ ცენტრში მოსვლას. ისინი ამზადებენ პროდუქციას, ხოლო პედაგოგები მოხალისეობრივ საფუძველზე აგრძელებენ სწავლებას.

პროექტის მენეჯერი აღნიშნავს:

„ისინი თვითონ აგრძელებენ პროექტს, რადგან ჩვენ მათ თვითრეალიზაციაში დავეხმარეთ. პროექტის საფუძველზე მათ სოციალური საწარმო მოაწყვეს: ამზადებენ სამაჯურებს, სამკაულებს, რომელთა გაყიდვაც სურთ, რათა ფინანსური რესურსი ჰქონდეთ. დარწმუნებული ვარ, რომ პროექტი გაგრძელდება, რადგან მათ აქვთ პოტენციალი. მათ მიერ დამზადებული ნატურალური ქვების სამაჯურები და სანთლები მოთხოვნადია.“

ნინო თუმანიშვილი ამბობს, რომ ურთიერთობისა და ახალი მეგობრების გარდა, ცენტრი სულიერ გამდიდრებასაც უწყობს ხელს.

„ძალიან ბევრი აქტიური ღონისძიებაა, ვესწრებით სპექტაკლებს, დავდივართ ექსკურსიებსა და ლაშქრობებში. ძალიან საინტერესოდ ვატარებთ დროს“, — აღნიშნა მან.

ინგლისური ენის მასწავლებელი, მარიამ პეტროსიანი, განმარტავს, რომ გაკვეთილები ტარდება ზღაპრებისა და მოთხრობების დახმარებით, რათა ენა უფრო ადვილად აღიქვან. ცენტრში ფუნქციონირებს ორი ჯგუფი, თითოეულში 6-7 ადამიანია.

„ჩვენ ერთი წლის წინ დავიწყეთ და ვაგრძელებთ. გვყავს ორი ჯგუფი, ინგლისურის შესწავლა ასოებიდან დავიწყეთ, თუმცა თითქმის ყველას აქვს სკოლაში ინგლისური ნასწავლი. ინგლისურის გარდა, ვსწავლობთ ისტორიას, ვამზადებთ სამაჯურებსა და სანთლებს. ყოველკვირა დავდივართ ექსკურსიებზე“, — ამბობს მარიამ პეტროსიანი.

IMG_60

ასოციაცია „ტოლერანტის“ დირექტორი, ცირა მესხიშვილი, ამბობს, რომ დიდი ხანია ოცნებობდა „60+ ცენტრის“ გახსნაზე:

„ტერმინი „ხანდაზმულები“ მათ არ მოსწონთ, „60+“ კი სხვაგვარად ჟღერს. ჩვენს ბენეფიციარებს შორის არ არიან ისეთები, ვისაც მწვავედ სჭირდება მატერიალური დახმარება. მაგრამ მათ არსად აქვთ წასასვლელი, სახლში სხედან და სერიალებს უყურებენ. ეს მობეზრდათ. მათ უნდათ გარეთ გასვლა, ლამაზად ჩაცმა, ურთიერთობა. ახლა მოტივაცია გაუჩნდათ.“

ცირა მესხიშვილის თქმით, ცენტრის გახსნამდე ჩატარდა ანკეტირება და ბენეფიციარებმა თავად აირჩიეს საჭირო მიმართულებები. დღეს ცენტრის ხელმძღვანელობის წინაშე დგას მისი მუდმივი შენარჩუნების საკითხი. პროექტის დასრულების შემდეგ ბენეფიციარებისთვის არაფერი შეცვლილა, მაგრამ პედაგოგები ხელფასის გარეშე მუშაობენ.

„ჩვენ ყველანი ახლა მოხალისეები ვართ, ანაზღაურების გარეშე ვმუშაობთ. როგორ შეგვეძლო უბრალოდ გაგვეშვა ისინი. ვეძებ დაფინანსებას, რომ პროექტი გაგრძელდეს, რადგან რესურსების გარეშე დიდხანს ვერ გავძლებთ. ჩვენ ასევე ვგეგმავთ სოციალურ ბიზნესს — ჩვენი ბებიების მიერ დამზადებული ნაწარმის გაყიდვას. მივმართეთ ადგილობრივ თვითმმართველობას, მაგრამ მათ არ აქვთ ასეთი პროგრამები, ისინი მხოლოდ სოციალურად დაუცველებზე არიან ორიენტირებულნი. პარალელურად ვეძებთ დონორებს, მივმართეთ UNDP-ს. ახლა ჩვენ გვჭირდება კომუნალური ხარჯების დაფარვა“, — ამბობს ცირა მესხიშვილი.

ცენტრში მუშაობს მოხალისე იაპონიიდან, რომელიც ბენეფიციარებს იაპონურ ენას ასწავლის, ასევე ფანდრაიზინგში ეხმარება, რათა დაფინანსების მოძიებაში წვლილი შეიტანოს.

60+4

პროგრამა „სოციალური ინტეგრაციის ცენტრი 60+“ არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ უფროსი თაობის წარმომადგენლებს შეუძლიათ საკუთარი თავისთვის იცხოვრონ და ცხოვრება საინტერესო მოვლენებით გაამდიდრონ, რაც დადებითად აისახება მათ თვითშეგრძნებაზე და ჯანმრთელობაზე. თუმცა, იმის ნაცვლად, რომ გამოცდილება გაზიარებულიყო და მსგავსი ცენტრები სხვა მუნიციპალიტეტებშიც გახსნილიყო, დღეს ცენტრი დახურვის საფრთხის წინაშე დგას, რადგან პედაგოგებისა და კოორდინატორების მოხალისეობაზე დიდხანს ვერ გაძლებს.