
წყალდიდობა სერიოზულ პრობლემად იქცა სოფელ მერენიასთვის. ძლიერი წვიმების დროს, სოფლის დაბლობში მცხოვრები მოსახლეობა სერიოზული პრობლემის წინაშე დგება. საქმე იმაშია, რომ სახლებში წყალდიდობის შედეგად წარმოქმნილი წყალი ჩაედინება, რადგან არ არსებობს სათანადო სადრენაჟო სისტემა. მერენიას მოსახლეობას იმედი აქვს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ყურადღებას მიაქცევს მათ პრობლემას და მათი ხმა გაგონილი იქნება.
სოფელი მერენია ახალქალაქიდან 15 კილომეტრის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ტყით დაფარულ მთებში მდებარეობს, ზღვის დონიდან 1 690 – 1 720 მეტრზე. სოფლის მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა მეცხოველეობა და მიწათმოქმედებაა. ბოლო წლების განმავლობაში, ისინი სერიოზული პრობლემის წინაშე დგანან – ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობები.
მერენიას მოსახლეობა აღნიშნავს, რომ მაღლობებიდან ჩამომავალი დიდი რაოდენობით წყალი პირდაპირ დაბლობში მცხოვრები ადამიანების სახლებში ჩაედინება, აზიანებს მათ ქონებას და საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას. გარდა ამისა, წყალდიდობის შედეგად წარმოქმნილი წყალი ერევა კანალიზაციის სისტემებს, რის გამოც მთელ სოფელში უსიამოვნო სუნი ვრცელდება.
„ჩემი სახლის წინ ბარიერი ავაშენე, რომ ზემოდან ჩამოსული წყალი სახლში არ შემოვიდეს, ასევე ავაშენე ბეტონის არხი, მაგრამ ზოგჯერ მას მთელი წყლის გატარება არ შეუძლია და მეშინია, რომ წყალდიდობის დროს ჩემი სახლი დაიტბორება“, – ამბობს არარატ ავეტისიანი.
ის ამატებს: „გარაჟიც ავწიე, რომ წყალი შიგნით არ შევიდეს, მაგრამ ახლა მანქანის გამოყვანაც კი რთულია. ახლა საფრთხე ემუქრება არა მხოლოდ ჩვენს სახლებს, არამედ ბავშვებსაც – ისინი ყოველდღე საფრთხეში არიან, და ასევე შეუძლებელია სოფელში გავრცელებული საშინელი სუნის ატანა“.
მოსახლეობა გამოსავალს გვთავაზობს: მილები და ბეტონის არხები უნდა დამონტაჟდეს, რათა წყლის ნაკადი ზემოდან ქვემოთ მოწესრიგდეს.
მერენიის მოსახლეობა მზადაა, დამოუკიდებლად დააყენოს მილები და ააშენოს ბეტონის არხები, თუ მუნიციპალიტეტი მათ დაეხმარება და საჭირო მილებითა და აღჭურვილობით უზრუნველყოფს.
„როგორც კი გაზაფხული მოდის, ჩვენი სახლები ყოველთვის იტბორება“, – აღნიშნავს გრიშა ქაღქციანი.
გრიშა ქაღქციანი ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის დროს სოფელში ასეთი პრობლემები არ არსებობდა, რადგან წყლის არხები იყო და წყალდიდობა ხალხს ზიანს არ აყენებდა.
„ახლა არავინ აქცევს ყურადღებას, წვიმებიც გახშირდა. წყალი რამდენიმე მიმართულებიდან მოდის და ჩვენ ამ პრობლემის მოგვარებას დამოუკიდებლად ვერ შევძლებთ“.
ჰაიკაზ ამირხანიანი ამბობს: „ჩემი სახლი ქუჩის ბოლოსაა და წლის ნებისმიერ დროს იტბორება. ზამთარში მდგომარეობა უფრო მძიმდება. სასწრაფო დახმარების მანქანა პაციენტთან მისვლას ვერ ახერხებს, იძულებულები ვართ, პაციენტი ხელით გადავიყვანოთ. სოფლის ნახევარი ამ პრობლემით იტანჯება. ყოველწლიურად ახალი ზიანი გვადგება“.
სოფელ მერენიის მაცხოვრებელი- ნორაირ ვაროსიანი, აღნიშნავს: „პატარა ბავშვი მყავს, გარეთ რომ თამაშობს, მაშინვე ვეუბნები, სახლში შემოდი-მეთქი. თამაშისას ბურთი არხში ვარდება და ათასგვარი ვირუსი ვრცელდება. ჩვენ უკვე ასაკში ვართ და ჩვენი ბავშვებისა და მოხუცების ჯანმრთელობაზე უნდა ვიფიქროთ. დავამატებ, რომ წყალდიდობისა და კანალიზაციის შერეული წყლების გამო სოფელში საშინელი სუნი დგას, რაც ყველას გვაწუხებს“.
მოსახლეობა აღნიშნავს, რომ წყალდიდობა წელიწადში 2-3-ჯერ ხდება, რაც სახლების რემონტის ხარჯებს ზრდის.
„ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს ხმას მნიშვნელობა ჰქონდეს“, – ამბობს სოფლის მოსახლეობა. „ვინც ამ პრობლემას მოაგვარებს – მილებით თუ ბეტონის არხებით – მას მივცემთ ჩვენს ხმას არჩევნებზე. ახლა მთავარია გამოსავალი მოიძებნოს, თორემ ყოველწლიურად იგივე განმეორდება“.
ბოლოს სოფელ მერენიაში წყალდიდობა გაზაფხულზე მოხდა.
Jnews-ი ამ პრობლემასთან დაკავშირებით სოფელ მერენიას სპეციალისტს, ვოლოდია ღუშჩიანსაც ესაუბრა.
„აუცილებლად მივმართავთ მერიას. თუ რაიმეს გაკეთება შესაძლებელი იქნება, აუცილებლად გავაკეთებთ. თუ მოსახლეობას ზიანი ემუქრება, ჩვენ ყოველთვის ვაქცევთ ყურადღებას ამ პრობლემას“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, ყოველწლიურად სოფლისთვის გამოყოფილი თანხით გარკვეული სამუშაოები ხორციელდება:
„პროგრამით „დახმარება სოფელს“ გამოყოფილი თანხით ყოველ წელს რაღაცას ვაკეთებთ სოფელში. შარშან შევაკეთეთ გზა, რომელიც მინდვრებთან მიდის, ხოლო წლევანდელი თანხით ან სავარჯიშო დარბაზი უნდა ავაშენოთ, ან დასასვენებელი ადგილი მოხუცებისთვის. ჩვენს სოფელს 16,000 ლარი ეთმობა, პრობლემებს დროთა განმავლობაში მოვაგვარებთ. მეც ამ სოფლიდან ვარ და მეც დაინტერესებული ვარ, რომ ჩვენი პრობლემები მოგვარდეს“, – დაასრულა სოფელ მერენიას სპეციალისტმა, ვოლოდია ღუშჩიანმა.
სოფელ მერენიას მოსახლეობა ამ პრობლემას დიდი ხანია ებრძვის, მაგრამ რადგან წყალდიდობა, ასე ვთქვათ, ყველა მცხოვრებს არ აყენებს ზიანს, ამიტომ სოფელში ამ პრობლემის გადასაჭრელად არ არსებობს ორგანიზებული და საერთო მიდგომა.