ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვაკანში უკვე რამდენიმე დღეა ცენტრალური გზის ბეტონირების სამუშაოები დაიწყო.

ადგილობრივების თქმით, ახალი გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ ცხოვრებას.

“სოფელში ტალახი ნაკლებად იქნება. ამ ეტაპზე სამუშაოები ძირითადად მთავარ ქუჩებზე მიმდინარეობს. ტალახის გარდა, წვიმის დროს წყალი სახლებში ჩადიოდა. როცა სამუშაოები დასრულდება, ეს პრობლემა აღარ გვექნება. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ საქმის ინიციატორი და შემსრულებელია”, – განაცხადა კიროვაკანის მცხოვრებმა ვაღინაკ ხანდილოიანმა.

მისივე თქმით, წლების განმავლობაში გზის მოპირკეთების სამუშაოები არაერთხელ ჩატარებულა, თუმცა ეს დროებითი გამოსავალი იყო.

Jnews-ის ჟურნალისტის იქ ყოფნის დროს, მშენებლობის მიმდინარეობას ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანიც ეცნობოდა და ადგილობრივებთან ერთად გზის მშენებლობის საკითხებს განიხილავდა.

ახალქალაქის მერის წარმომადგენელმა სოფელ კიროვაკანში, რუსტამ მოსესიანი ამბობს:

“ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ნანატრი საქმეა ჩვენი სოფლისთვის. ბეტონირება უნდა ჩაუტარდეს გზის ძირითად მონაკვეთებს, რომლებიც სკოლისკენ, სასაფლაოსკენ, კლუბისა და რიტუალების სახლისკენ მიდის. ამ მონაკვეთზე გადაადგილება წელიწადის სხვადასხვა დროს თითქმის შეუძლებელი იყო, რაც ძალიან ართულებდა ადგილობრივების გადაადგილებას. მოსწავლეებს ტალახში სიარული აღარ მოუწევთ. ვიმედოვნებ, რომ ეს პროგრამა გაგრძელდება და ბეტონის გზა სოფლის სხვა ნაწილებშიც გაკეთდება. დაახლოებით 800 მეტრი უნდა დაიბეტონოს.”

აღსანიშნავია, რომ სოფელ კიროვაკანის ცენტრალური გზის მშენებლობის ტენდერში 5-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და სხვადასხვა ფასები შესთავაზეს, თუმცა ტენდერში კომპანია “არალმა” გაიმარჯვა.

როგორც ახალქალაქის მერიაში გვითხრეს, გამარჯვებულად გამოცხადდა კომპანია, რომელმაც ყველა სატენდერო დოკუმენტაცია დროულად წარმოადგინა.

ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოებს კომპანია „არალი“ ახორციელებს.

კიროვაკანის შიდა გზების სარეაბილიტაციოდ მრავალწლიანი შესყიდვისთვის გათვალისწინებულია:

2025 წელი — 650 000 ლარი,
2026 წელი — 341 278 ლარი.