
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით აჭარის რეგიონში გაასაღა, საერთო ჯამში, 7 400 აშშ დოლარის ოდენობის 74 ცალი ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
მათივე ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან ათ წლამდე ვადით.