დღეიდან ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა მთლიანად სახელმწიფო კონტროლზე გადადის – ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო ცენტრები გაუქმდა და ყველა ბენეფიციარს მომსახურება სახელმწიფოს მიერ მიეწოდება. ამის შესახებ ინფორმაციას interpressnews.ge ავრცელებს.
ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო მიმწოდებლებისგან მომსახურების მიმღებთა საკმაოდ დიდმა ნაწილმა, უმრავლესობამ, სახელმწიფო სერვისზე განაცხადი უკვე გააკეთა და მათი თითქმის ყველა, ხვალიდან შეძლებს მომსახურების მიღებას მათ მიერ არჩეულ სახელმწიფო ცენტრებში.
„დაახლოებით 100-მა ადამიანმა სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ შეძლო მომსახურების გაგრძელების ნებართვის მიღება. არიან ადამიანები, რომლებიც არარეგულარულად, არამედ ეპიზოდურად მოიხმარენ ნარკოტიკებს, ასეთ შემთხვევებში არ არსებობს ჩანაცვლებითი თერაპიის გამოყენების საფუძველი. მათ დამოუკიდებლად შეეძლებათ დაუკავშირდნენ სახელმწიფო ცენტრებს, გაიარონ შესაბამისი გამოკვლევა და ამის საფუძველზე მიიღება ინდივიდუალური გადაწყვეტილება.
არსებობს ცალკეული შემთხვევები, როდესაც ერთი ადამიანი რეგისტრირებულია მინიმუმ 2 კერძო მიმწოდებლის ბენეფიციარად. ანუ, ის ნარკოტიკებს ორ ადგილას იღებდა. ასევე არსებობს სხვა მნიშვნელოვანი ხარვეზები, როგორიცაა პაციენტისა და ცენტრის მიერ მოწოდებული მონაცემების შეუსაბამობა დოზირების შესახებ. ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რამდენად გავრცელებულია ასეთი შემთხვევები იმ კონტინგენტში, რომელსაც ჩვენთან კავშირი არ დაუმყარებია.“
მინდა, ბენეფიციარებს ვთხოვო, სიფრთხილე გამოიჩინონ ცენტრში ვიზიტისას და დაიცვან შესაბამისი ინსტრუქციები, ასევე თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
„თუ ვინმეს ჰქონდა ობიექტური გარემოებები, რის გამოც მას ხელი შეეშალა სახელმწიფოსთვის განაცხადის შეტანაში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თუ განაცხადს მომდევნო 1 კვირის განმავლობაში, 22 აგვისტოს ჩათვლით, წარადგენს, იგი სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთვება გამარტივებული პროცედურების გავლით“, — აღნიშნა მინისტრმა.