10 აგვისტოს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალასტანში, სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართა, რომელიც სომხური კათოლიკური ეკლესიის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის, მამა ეღია (ჰაკობ) პეჩიკიანის დაბადებიდან 130 წლისთავს მიეძღვნა.

ეს დღე განსაკუთრებული იყო ალასტანის მცხოვრებთათვის. ბევრი სოფლელი, ვინც სხვა ქვეყნებში გადასახლდა საცხოვრებლად, სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდა.

Alastan - 1

ალასტანში 1895 წელს დაბადებული მამა ეღია პეჩიკიანი გამორჩეული ფიგურა გახდა არა მხოლოდ ეკლესიაში, არამედ სომხური დიასპორის სამეცნიერო, ლიტერატურულ და საგანმანათლებლო ცხოვრებაშიც. მხითარისტთა ორდენის წევრად ის ცნობილი იყო როგორც ენათმეცნიერი, ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი და პოეტი. წლების განმავლობაში ის რედაქტორობდა სომხოლოგიის ერთ-ერთ უძველეს ჟურნალს „ბაზმავეპს“ (1930–1939, 1952–1953), ასწავლიდა კლასიკურ და თანამედროვე სომხურ ენას, სომხურ ლიტერატურას და იყო მურად-რაფაელის სკოლის ინსპექტორი. მამა ეღიამ სიცოცხლე დაასრულა 1964 წელს, იტალიის კუნძულ სან-ლაძაროზე, დატოვა რა უმდიდრესი სულიერი და ინტელექტუალური მემკვიდრეობა.

Alastan - 1

პეჩიკიანის ხსოვნის დღე მშობლიურ სოფელში ალასტანის შესასვლელთან აღმართული ჯვრის კურთხევით დაიწყო. ამის შემდეგ, ადგილობრივი ეკლესია საზეიმოდ ხელახლა აკურთხეს სრული რემონტის შემდეგ. ცერემონიას ხელმძღვანელობდა საქართველოში, სომხეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში სომხური კათოლიკური ეკლესიის სულიერი ლიდერი, მთავარეპისკოპოსი გევორქ ნორატუნკიანი.

Alastan - 1

აღდგენილ ეკლესიაში პირველი წირვა აღევლინა. ეკლესიის სამხრეთ კედელზე, სადაც სასულიერო პირები არიან დაკრძალულნი, მამა ეღიას პატივსაცემად მემორიალური დაფა განთავსდა. გახსნაზე ალასტანელმა ახალგაზრდებმა პეჩიკიანის ლექსები და ნაწარმოებები წაიკითხეს.

Alastan - 1

Alastan - 1

განსაკუთრებით სიმბოლური იყო წმინდა ლაზარეს კუნძულზე მდებარე მამა ეღიას საფლავიდან ჩამოტანილი მიწის კურთხევა. ეს მიწა სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოიტანეს, რაც ალასტანსა და ვატიკანის მხითარისტთა მონასტერს შორის არსებული სულიერი კავშირის ნიშანი იყო.

Alastan - 1

სოფლის კულტურის სახლში გაიმართა პეჩიკიანის ლექსების კითხვა, ასევე მისი მოსწავლის, ექიმ ჰაკობ ანპაკიანის მოგონებების მოსმენა, რომელიც შორიდან ჩამოვიდა, რათა ესაუბრა ადამიანზე, რომელმაც გავლენა მოახდინა მის მთელ ცხოვრებაზე.

დღე დასრულდა მამა ეღიას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მიძღვნილი წიგნის პრეზენტაციით, რომელიც მოიცავს მის ბიოგრაფიას, და ალასტანის დიდი შვილის შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენებით.