საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაერო-ს კონფერენციის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და სტრატეგიულ პარტნიორობას, სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას, ასევე რეგიონში მიმდინარე პროცესებს.

„აღინიშნა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებული მნიშვნელობა. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი განცხადება სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულების შესახებ. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს დიალოგს და ამ გზით რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.

შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი“, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაში.