ახალქალაქის ქუჩების ასფალტირებამდე აუცილებელია კანალიზაციის სისტემის აღდგენა, თუმცა, პრაქტიკაში ეს ყოველთვის ასე არ ხდება. ნათელი მაგალითია ჯავახეთის ქუჩა, სადაც კანალიზაციის ქსელის აღდგენის დაუგეგმავი სამუშაოების გამო ასფალტირების პროცესი თითქმის ორი წლით გაჭიანურდა. შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან“ განაცხადეს, რომ ახალქალაქის კანალიზაციის სისტემის აღდგენას ისინი არ გეგმავენ.

ქალაქში საგზაო სამუშაოების დროს ხშირად იქმნება პრობლემები მოძველებულ მიწისქვეშა კომუნიკაციებთან დაკავშირებით. ეს მოიცავს მოძველებულ საკანალიზაციო სისტემებსა და ჭებს, ზოგიერთ ქუჩაზე კანალიზაციის არარსებობას, ასევე მრავალი წლის განმავლობაში ასფალტის მოლოდინში მყოფი მაცხოვრებლების უკმაყოფილებას. როდესაც დგება ნანატრი შეკეთების მომენტი, აღმოჩნდება, რომ საკანალიზაციო სისტემა ან ძლიერ მოძველებულია, ან საერთოდ არ არსებობს.

ახალქალაქის ქუჩებს ხშირად აასფალტებდნენ კანალიზაციის წინასწარი შეკეთების გარეშე. შედეგად, ასფალტირების შემდეგ მალევე, მისი დაშლა ხდებოდა საჭირო. პერიოდულად ხდებოდა ავარიები, რადგან საკანალიზაციო ქსელი გაცვეთილი იყო და ვერ უძლებდა დატვირთვას.

ხშირია შემთხვევები, როცა საკანალიზაციო სისტემის მწყობრიდან გამოსვლის გამო ასფალტირების სამუშაოები მთლიანად შეჩერებულა, როგორც ეს მოხდა ჯავახეთის ქუჩაზე, სადაც სამუშაოები ორი წლით გაჭიანურდა და 2022-2023 წლებში განხორციელდა.

JNEWS-ის რედაქციამ ოფიციალური მოთხოვნა გაუგზავნა შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ოფისს კითხვით, თუ იგეგმება თუ არა ახალქალაქის კანალიზაციის სისტემის აღდგენა.

კომპანიის ოფიციალურ წერილობით პასუხში ნათქვამია:

„ახალქალაქისა და ნინოწმინდის კანალიზაციის სისტემების რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ამ ეტაპზე კომპანია არ გეგმავს ზემოაღნიშნული სამუშაოების განხორციელებას“.

აღსანიშნავია, რომ ქალაქში კანალიზაციის ქსელის მოძველების გარდა, არის ქუჩები, განსაკუთრებით გარეუბნებში, სადაც კანალიზაციის სისტემა საერთოდ არ არსებობს.
აშენდება თუ არა ახალქალაქში, მესამე ქუჩაზე კანალიზაციის სისტემა?

შეგახსენებთ, რომ კანალიზაციის სისტემისგან განსხვავებით, ახალქალაქის წყალმომარაგების სისტემა აღდგება. როგორც შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ გვაცნობეს, ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური დოკუმენტაციის გადახედვა და დაგეგმილი სამუშაოების გეგმის დაზუსტება. ამ ფაზის დასრულების შემდეგ დაიწყება ფინანსური რესურსების მოძიება.
აღდგება თუ არა ახალქალაქის წყალმომარაგების სისტემა?

შუშან შირინიან