27 ივნისს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში გაიმართა რაგბის ფესტივალი, რომელიც ორგანიზებული იყო ახალქალაქის სპორტული სკოლისა და სამცხე-ჯავახეთის რაგბის კლუბ „ტაოს“ მიერ. ღონისძიების მიზანი იყო რაგბის, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშემწყობი სპორტის სახეობის პოპულარიზაცია და სპორტულ ცხოვრებაში მეტი ბავშვის ჩართვა.

ფესტივალში დაახლოებით 40 ბავშვი მონაწილეობდა. კლუბ „ტაოდან“ ასევე ესწრებოდნენ დათო მგელაძე და მორაგბეები ფიჯიდან. რაგბის ფესტივალი არდადეგების წინ ჩატარდა, რათა ხელი შეეწყო სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის.

1REGBI

მწვრთნელი რაფაელ დარბინიანი, რომელიც 20 წელზე მეტია რაგბიშია, აცხადებს, რომ ეს სპორტის სახეობა რეგიონში აქტიურად ვითარდება, თუმცა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას.

„ახალქალაქში რაგბის განვითარება დამოკიდებულია ინფრასტრუქტურაზე: რაგბის სტადიონი, ვარჯიშისთვის სპეციალური სივრცე. კარგი იქნება, თუ ქალაქში რაგბის სტადიონი აშენდება. საქართველოში რაგბი ფართოდ გავრცელებული სპორტია და სპორტული კლუბი „ტაო“ დიდ მხარდაჭერას უწევს რაგბის განვითარებას,“ — აღნიშნავს დარბინიანი.

მწვრთნელის თქმით, ამჟამად ვარჯიშები მეხუთე სკოლის ეზოში ტარდება. მიუხედავად ამ სირთულეებისა, რაგბიმ დიდი ინტერესი გამოიწვია ბავშვებში.

„ჩვენს პატარებში რაგბის მიმართ დიდი სურვილია. თავიდან მშობლები შვილებს არ აგზავნიდნენ, რადგან არ იცოდნენ, რა სპორტი იყო. მაგრამ წლების განმავლობაში ხალხმა გააცნობიერა, რომ ბავშვთა რაგბი საშიში არ არის. ახლა ვარჯიშებში გოგონებიც მონაწილეობენ, რომლებიც დაახლოებით 30-40%-ს შეადგენენ. მშობლები მოდიან, ხედავენ, რომ სპორტი უსაფრთხოა და თავადაც სურთ, რომ მათმა შვილებმა იარონ ვარჯიშებზე,“ — ამატებს მწვრთნელი.

ამჟამად რაგბით 7-14 წლის ბავშვები არიან დაკავებულნი. ბევრ მათგანს მომავალში შესაძლებლობა ექნება, ივარჯიშოს სამცხე-ჯავახეთის ცენტრალურ სპორტულ კლუბ „ტაოში“. მაგალითად, ახლა ფაილაკ კარაპეტიანი ემზადება რაგბიში თავისი უნარების გასაღრმავებლად და უახლოეს მომავალში ასპინძაში გაემგზავრება ვარჯიშებზე დასწრებისთვის.

„ვისაუბრე „ტაოს“ კლუბის ხელმძღვანელობასთან და მათ მზადყოფნა გამოთქვეს, დაეხმარონ ფაილაკს. ეს მისთვის კარგი შესაძლებლობაა, განვითარდეს ამ სპორტში,“ — აღნიშნავს დარბინიანი.

სპორტული კლუბი „ტაო“ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში აერთიანებს ექვს მუნიციპალიტეტს: ადიგენს, ბორჯომს, ახალციხეს, ასპინძას, ნინოწმინდასა და ახალქალაქს, რითაც ხელს უწყობს რაგბის გავრცელებასა და განვითარებას.

გევორგ ჯანოიან