
24 და 25 ივნისს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ყინვებმა კარტოფილის ნათესებს სერიოზული ზიანი მიაყენა. კარტოფილი აქტიური ზრდის ფაზაშია, რის გამოც ყინვამ მცენარეებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. კარტოფილის ფოთლები გაშავდა, ჩამოცვივდა, ზოგიერთ ადგილას კი მცენარის მიწისზედა ნაწილი, ღერო და ფოთლები, მთლიანად განადგურდა.
ზარალის მასშტაბები განსაკუთრებით მაღალია დილისკას, ჩამდურას, კიროვაკანის, ვაჩიანის, დადეშის, სულდას, კულიკამის და ხანდოს სოფლებში. ტემპერატურის მკვეთრმა ვარდნამ კარტოფილის მოსავლის მიწისზედა ნაწილზე იმოქმედა, რამაც მასშტაბური ზარალი გამოიწვია.
სოფელ სულდაში მცხოვრები ფერმერი ფელიქს სეირანიანი ინციდენტს „კატასტროფულს“ უწოდებს.
„ზარალი უზარმაზარია. კარტოფილის ათობით ჰექტარი მინდორი მთლიანად განადგურდა. ამ ეტაპზე ზარალის ზუსტი მასშტაბის შეფასება ჯერ კიდევ შეუძლებელია, რადგან ველოდებით ქარხნების შემდგომ რეაგირებას, თუმცა უკვე ნათელია, რომ ზიანი დიდია და შესაძლოა მოსავალზე გრძელვადიანი შედეგები მოჰყვეს“, – ამბობს სეირანიანი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდას წარმომადგენელი ზარზანდ კუჯოიანი ასევე აღწერს სიტუაციის სერიოზულობას.
„სულდაში სასოფლო-სამეურნეო ველების დაახლოებით 80 პროცენტი ყინვამ დააზიანა. კარტოფილის კულტივაციის ძირითადი ნაწილი დაზიანდა, რაც სერიოზულ დარტყმას აყენებს როგორც მოსალოდნელ მოსავალს, ასევე სოფლის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას“, – აღნიშნავს ის.
თუმცა, არსებობს იმედისმომცემი მოსაზრებებიც. ფერმერ მკრტიჩ მოვსისიანის თქმით, მოსავლის აღდგენა სათანადო მოვლის შემთხვევაში შესაძლებელია.
„კარტოფილის ყანების ფოტოები გამომიგზავნეს, პირადად ვნახე ისინი და დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ სერიოზული დაზიანება არ არის. ყინვის შემდეგ სამი დღის განმავლობაში მინდორში შესვლა არ არის რეკომენდებული. ამის შემდეგ, მცენარეების აღდგენა პესტიციდების დახმარებითაც შესაძლებელია“, – აღნიშნავს ის.
მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი მომდევნო დღეებში ამინდის პირობებია.
„თუ წვიმა არ იქნება, სიტუაცია შეიძლება სახიფათო გახდეს. ამ შემთხვევაში, აუცილებელია ირიგაციის ჩატარება – ჰექტარზე 150-200 ტონა წყალია საჭირო“, – ხაზგასმით აღნიშნავს მოვსისიანი.
გევორგ ჯანოიან