
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კარტოფილის გადამუშავების აქტიური სეზონი ივლისის დასაწყისში იწყება. ამ დროს ფერმერები ხნავენ, ამუშავებენ მინდვრებს სარეველებისა და მავნებლების, მათ შორის კოლორადოს ხოჭოს საწინააღმდეგო პრეპარატებით.თუმცა, წლის მოსავლიანობაზე დიდ გავლენას ახდენს ამინდის პირობები — რეგიონში ხშირი წვიმები და სეტყვა ზიანს აყენებს ნათესებს. სასოფლო-სამეურნეო მოსავლის დაზღვევისთვის სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამით სუბსიდირებას აძლევს ფერმერებს, თუმცა ახალქალაქში ეს პროგრამა არაპოპულარულია.
საქართველოში 2014 წლიდან მოქმედებს სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა – სახელმწიფო სუბსიდირებას უწევს სასოფლო-სამეურნეო კულტურების შესაძლო ზიანისგან დაზღვევას. ყოველწლიურად პროგრამას სხვადასხვა სადაზღვევო კომპანია ახორციელებს, სხვადასხვა წლებში მათი რიცხვი 5-დან 8-მდე იყო. წელს ბაზარზე ამ სფეროში სამი კომპანია მუშაობს: ალდაგი, სადაზღვევო ნიუ ვიჟენი, თიბისი დაზღვევა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის დაზღვევა ყოველთვის არაპოპულარული იყო. ფერმერები სხვადასხვა მიზეზს ასახელებენ: ზოგი ამბობს, რომ კომპანიებს არ ენდობიან, ზოგი ამბობს, რომ მათი წარმომადგენლები ეფექტურად არ მუშაობენ, ზოგს დაზღვევის პირობები არ მოსწონს, ზოგს კი უბრალოდ არ შეუძლია მიწების დაზღვევა, რადგან ეს მხოლოდ მიწის ნაკვეთის სახელმწიფო რეგისტრაციით არის შესაძლებელი.
სადაზღვევო კომპანიები, თავის მხრივ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დიდად აქტიურები არ არიან და საინფორმაციო კამპანიებს არ ატარებენ. ყველა კომპანიას არ ჰყავს თავისი წარმომადგენელი ახალქალაქში, რაც თავის მხრივ, დაზღვევის სურვილის არქონაზე მოქმედებს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 2015 წლიდან მხოლოდ კომპანია „ალდაგის“ ოფისი არის.
2022 წლიდან ახალქალაქში ასევე ოპერირებს სადაზღვევო კომპანია „Insurance New Vision“. წელს კომპანიას ჯერ ოფისი არ აქვს, თუმცა ახალქალაქში კომპანიის წარმომადგენლის, აღაჯანიან ველიხანის თქმით, ისინი ოფისის გახსნას აპირებენ.
„წელს ახალი დაწყებული გვაქვს მუშაობა. ჩვენს შესახებ იციან, ჩვენთან თანამშრომლობდნენ, გვირეკავენ და გასცემენ. წელს კომპანიას არც ერთი სადაზღვევო პოლისი არ გაუცია, მხოლოდ მე მაქვს დაზღვეული ყველა ჩემი მიწა“, – განაცხადა ახალქალაქში კომპანია „Insurance New Vision“-ის წარმომადგენელმა.
სხვა კომპანიებს ახალქალაქში ოფისი არ გაუხსნიათ, თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც კომპანიის წარმომადგენელი ახალციხიდან ჩამოვიდა და მუნიციპალიტეტის ფერმერებთან მუშაობდა.
ფერმერმა ენოკ ბაბაჯანიანმა თავისი მოსავალი ხუთი წლის წინ დააზღვია, მაგრამ აღარ აკეთებს ამას – ეს წამგებიანია.
„ფულის მიღების დროს ყოველთვის პრობლემა ჩნდება. ურეკავ, ეუბნები, რომ სეტყვამ გაანადგურა ნათესები, მოდიან 15-20 დღეში, მერე 50%-ის ნაცვლად 10%-ს წერენ. ბევრი ბიუროკრატიაა, დადიხარ აქეთ-იქით და შედეგიც გულდასაწყვეტია. დაზღვევის საფასურის გადახდის ნაცვლად, ვაგროვებთ თანხას და თუ უეცრად სეტყვა მოვა მინდვრებში, სასუქს ვიყიდით. კანონი კარგია, 70%-ს სახელმწიფო იხდის, მაგრამ არ მუშაობს. საგაზაფხულო ყინვებისგან დაზღვევა მაინც რომ იყოს, კიდევ შეიძლება,“ — ამბობს ფერმერი ენოქ ბაბაჯანიანი.
ფერმერმა ვარაზდატ სალვარიანმა სოფელ დილისკიდან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ის მიწის ნაკვეთები, რომლებიც სახელმწიფო რეესტრშია რეგისტრირებული, დააზღვია. მან დაადასტურა მოსაზრება, რომ უმრავლესობა არ აზღვევს თავის ნათესებს, რადგან არ ენდობა სადაზღვევო კომპანიებს.
„მე წელს დავაზღვიე და უკვე სამი წელია ზედიზედ ვაკეთებ ამას, კმაყოფილი ვარ. ვაზღვევ იმ მიწებს, რომლებიც სახელმწიფო რეესტრშია რეგისტრირებული. შარშან სეტყვამ დამიზიანა მარცვლეული კულტურები, მივიღე კომპენსაცია, კმაყოფილი ვარ,“ -დაამატა ვარაზდატ სალვარიანმა.
მოსავლის დაზღვევა საქართველოში სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც ფერმერებს სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ზარალისგან იცავს. ამ პროგრამის ფარგლებში, დაზღვევის თანხის 70%-ს სახელმწიფო იხდის, ხოლო 30%-ს მიწის მფლობელი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მოქმედი ყველა სადაზღვევო კომპანია მოსავალს აზღვევს შემდეგი რისკებისგან: სეტყვა, წყალდიდობა, საშემოდგომო ყინვები და ქარიშხალი (ქარი). ეს პირობები ფერმერებს საშუალებას აძლევს, დაიცვან თავიანთი ინვესტიციები და მინიმუმამდე დაიყვანონ ფინანსური ზარალი არაპროგნოზირებადი ამინდის პირობების გამო.
კარტოფილის ველის ერთი ჰექტარის საერთო სადაზღვევო თანხა 1275 ლარია. ამ თანხიდან:
ფერმერი იხდის 382.50 ლარს
სახელმწიფო იხდის 892.50 ლარს.
სადაზღვევო ნორმატივების მიხედვით, 1 ჰექტარ კარტოფილის ველზე 100%-იანი ზიანის შემთხვევაში ფერმერს შეუძლია მიიღოს 15 000 ლარამდე კომპენსაცია.
ეს თანხა გაანგარიშებულია შემდეგი მაჩვენებლების საფუძველზე:
1 კგ კარტოფილის ღირებულება- 0.60 თეთრი,
მოსავლიანობა ჰექტარზე-25 000 კგ/ჰა.
სადაზღვევო კომპანიები არ ასაჯაროებენ საკუთარი ბენეფიციარების რაოდენობას, ამიტომ ჩვენ არ გვაქვს ზუსტი მონაცემები მუნიციპალიტეტში დაზღვევის მოცულობის შესახებ. თუმცა, ჩვენი დაკვირვებით, ახალქალაქის ფერმერებს შორის მოსავლის დაზღვევა კვლავ არაპოპულარული რჩება.