
კორხისა და ტოტხამის სოფლებში ცენტრალური გზის ასფალტის დაგება დასასრულს უახლოვდება. მოსახლეობა ამ მნიშვნელოვან ცვლილებას წლების განმავლობაში ელოდა და ახლა სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
სოფლის მაცხოვრებლების თქმით, ახალი გზა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც სატრანსპორტო მოძრაობას, ასევე სოფელში ყოველდღიურ ცხოვრებას.
„რუსეთის ფედერაციაში გზებიზ მშენებლობაზე 20 წელზე მეტია ვმუშაობ, მაგრამ ასეთი მაღალი ხარისხის ასფალტი მხოლოდ აქ ვნახე. ეს საამაყოა“, – ამბობს სოფელი კორხის მცხოვრები გრიგორ ბასენციანი.
მის აზრს სხვა სოფლის მაცხოვრებლებიც იზიარებენ. მაცხოვრებელი არტურ ორჯაციანი დარწმუნებულია, რომ ახალი გზა წლების განმავლობაში არსებულ პრობლემებს მოაგვარებს.
„როგორც სოფლის მაცხოვრებელი, მე თვალს ვადევნებდი სამუშაოებს. მუშები სერიოზულად მოეკიდნენ საქმეს. ასფალტის დაგების მეშვეობით, მანქანები არ დაზიანდება, ახალქალაქამდე მიმავალი გზა გაცილებით სწრაფად დაიძლევა და მტვრის პრობლემა, რომელიც გზის პირას მდებარე სახლების მაცხოვრებლებს აწუხებდათ, გაქრება“, – აღნიშნა მან.
ეს გზა ადრეც არაერთხელ იყო მოასფალტებული, თუმცა ეს დროებითი ასფალტი იყო. ამჟამინდელი ასფალტი, მაცხოვრებლების თქმით, გათვლილია მინიმუმ 10 წლის განმავლობაში შეკეთების გარეშე.
მაცხოვრებლები მადლობას უხდიან ახალქალაქის მერს ასფალტის გზის საბოლოოდ გაკეთებისთვის.
„გასულ წელს, სოფლის შესასვლელის გახსნისას, ბატონ მაკარიანს მივმართეთ გზის გაკეთებასთან დაკავშირებით. მან დაგვპირდა და დღეს ეს დაპირება შესრულებულია“, – ხაზგასმით აღნიშნა ორჯაციანმა.
როგორც სოფელ კორხის სპეციალისტმა გარნიკ ღანდილიანმა Jnews-თან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, სოფელში მტვერი წარსულს ჩაბარდა.
„პასუხისმგებელმა ორგანოებმა შეასრულეს თავიანთი დაპირებები: გზის რეკონსტრუქცია დადგენილი სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება. მე 34 წელია ვმუშაობ რუსეთში ასფალტის სექტორის სპეციალისტად და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აქაც სამუშაოები მაღალ დონეზე ხორციელდება“, – თქვა მან.
ღანდილიანმა ასევე აღნიშნა, რომ ადრე გზის ცუდი მდგომარეობის გამო მას ყოველწლიურად 1000 ლარზე მეტის დახარჯვა უწევდა თავის მანქანაზე, თუმცა ასფალტის დაგების შემდეგ აღნისნული პრობლემა აღარ იქნება.
აღსანიშნავია, რომ გზის მშენებლობის ტენდერი კომპანია „ჯავახავტოგზამ“ მოიგო. პროექტის საერთო ღირებულება 3,871,244 ლარს შეადგენს. ეს თანხა ასევე სოფელ მაჯადიამდე მიმავალი გზის გაკეთებაც მოიცავს.
გევორგ ჯანოიან