სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე დააკავა.

აღნიშნულის თაობაზე სუს-ში ბრიფინგი გაიმართა.

უწყების განმარტებით, „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტებზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე რ.მ.“.

„2017 წლის 3 ოქტომბრიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე პერიოდში რ. მ.-ს სხვადასხვა მაღალი თანამდებობა, მათ შორის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობები, ეკავა.

ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ რ. მ. თანამდებობრივ გავლენას, სანაცნობო წრესა და გამოცდილებას პირადი სარგებლის მიღების მიზნით უკანონოდ იყენებდა ენერგეტიკულ სფეროში სხვადასხვა პირისთვის არამართლზომიერი უპირატესობის მისანიჭებლად. ამ პირებისთვის უკანონო დახმარების გაწევის სანაცვლოდ კი ის მათგან ენერგოკომპანიებში (ჰესებში) საწარმოს წილებს იღებდა, რომელთა რეალური მესაკუთრე თვითონ იყო, ხოლო წილები ოფიციალურად თავისი ნდობით აღჭურვილ პირებზე ჰქონდა გაფორმებული. აღნიშნული უკანონო საქმიანობის შედეგად რ. მ.-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალი მიიღო.

ამასთანავე, რ. მ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მაღალ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, სამსახურებრივ უფლებამოსილებას სისტემატურად ბოროტად იყენებდა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია; კერძოდ, პირადი სარგებლის მიღების მიზნით იგი უკანონოდ სარგებლობდა თავისი თანამდებობით ან/და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობით და სხვადასხვა პირს სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაციაში აფორმებდა (ის ამას ზოგჯერ ფიქტიურადაც ახორციელებდა), რის შედეგადაც იგი მატერიალურ სარგებელსა და ქონებრივ სიკეთეს იღებდა.
(…)
გამოძიების ამ ეტაპზე როგორც ვლინდება, რ. მ.-მ ზემოხსენებული მეთოდებითა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განახორციელა რამდენიმე მილიონი ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია.

გამოძიება გრძელდება და გამოძიების პროცესში კიდევ უფრო დაზუსტდება როგორც რ. მ.-ს მიერ შემოსავლების უკანონო გზებით მიღების გარემოებები, ისე ამ შემოსავლების ლეგალიზაციის ეპიზოდები.

ზემოაღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას“,- განაცხადეს სუს-ში.

ცნობისთვის, რომეო მიქაუტაძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებდა, პირველი მოადგილე კი 2022 წლის 30 დეკემბრიდან გახდა. ის ამ პოსტს 2024 წლის 11 თებერვლამდე იკავებდა.