ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში: აბული, მოდეგამი და ბუზავეთი გაზიფიცირების პროცესები მიმდინარეობს, ასევე დაიწყო დიდი და პატარა სამსრის სოფლებამდე მთავარი გაზსადენის გაყვანა.

გაზიფიცირების პრობლემა მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, სადაც სახლები წლის უმეტესი ნაწილი გათბობას საჭიროებს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 64 სოფლიდან 18 გაზიფიცირების გარეშე რჩება: მოდეგამი, გოგაშენი, აფნია, ქარსეპი, აზმანა, ოკამი, ერინჯა, დავნია, ხავეთი, დადეში, სულდა, ბოზალი, ფილიპოვკა, კარწახი, თახჩა, აბული, ბუზავეთი, პატარა სამსარი და დიდი სამსარი.

აბულის, მოდეგამისა და ბუზავეთის გაზიფიცირების საკითხი თითქმის გადაწყვეტილია, გაზი სოფლებამდე მიყვანილია, რჩება მხოლოდ შიდა სამუშაოების ჩატარება. SJGC-ის დირექტორის, ვრეჟ ბერიკიანის თქმით, წელს გაზი როგორც დიდ, ისე პატარა სამსარშიც შევა.

იმის მიუხედავად, რომ ნებართვა მუნიციპალიტეტმა უნდა გასცეს, კომპანიამ, ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, სამუშაოები უკვე ერთი თვის წინ დაიწყო, რათა თბილი ამინდები არ გაცდენოდათ.

„ჩვენ მივმართეთ მუნიციპალიტეტს და წარვადგინეთ ყველა პროექტი, თუმცა ჯერ არანაირი ნებართვა არ მიგვიღია. მაგრამ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მის გარეშე დავიწყებთ, ეს მუნიციპალიტეტისთვის პრობლემა არ იქნება. ჩვენ დავასრულეთ სოფელ ბუზავეთის მთავარი გაზსადენის სამუშაოები და დავიწყეთ გაზსადენის გაყვანა სოფლის შიგნით. აბულშიც გაყვანილია გაზსადენი, რჩება მხოლოდ შიდა ქსელების მონტაჟი, ამ სამუშაოებს უახლოეს დღეებში დავასრულებთ. 2-3 დღეში დავასრულებთ მოდეგამის გაზსადენის გაყვანას, სოფლის შიგნით სამუშაოები უკვე დაწყებულია. დღეს კი დიდი და პატარა სამსრისში მიმავალი გაზსადენისთვის თხრას ვიწყებთ“, — განაცხადა ვრეჟ ბერიკიანმა.

დიდი და პატარა სამსრის გაზის მიყვანის შემდეგ, გაუზის გარეშე მხოლოდ ვაჩიანიდან თურქეთის საზღვრამდე მიმართულება დარჩება. SJGC გეგმავს, ამ მიმართულებითაც დაიწყოს მთავარი გაზსადენის გაყვანა.

„ჩვენ ასევე ვგეგმავთ წელს მთავარი ხაზის გაყვანას. ჯერ არ დაგვიწყია, რადგან საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში ვართ. ხაზს გავხსნით ვაჩიანისკენ მიმავალ გზაზე, სოფელ ჩამდურას ტერიტორიაზე (200-ე ხაზის მონაკვეთი), შემდეგ კი იქიდან გავაგრძელებთ. ეს ხაზი რკინიგზის სადგურამდე მივა და ნინოწმინდის ხაზს შეუერთდება“, — განაცხადა მან.

მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები ადრეც მიმდინარეობდა, მაგრამ არა ასეთი ინტენსივობით.

„მართალი გითხრათ, გამოჩნდნენ სპონსორები, რომლებიც დაინტერესდნენ და გადაწყვიტეს, მხარდაჭერა გამოეჩინათ – აეღოთ ამ დიდი მოცულობის სამუშაოს ნაწილი საკუთარ თავზე. ამ დახმარების გარეშე ფინანსურად ძალიან გაგვიჭირდებოდა. პროექტის ხარჯების დაახლოებით 35-40% სპონსორებმა დაფარეს. ცვლილებები მოხდა ხელმძღვანელობაშიც: დღევანდელი მფლობელები დაინტერესებულნი არიან სამუშაოების რაც შეიძლება სწრაფად დასრულებით“, -დაამატა ვრეჟ ბერიკიანმა.

აბულის, ბუზავეთის, მოდეგამის, ასევე დიდი და პატარა სამსრის სოფლების გაზიფიცირებასთან ერთად გადაწყდება ამ სოფლების მცხოვრებთა ერთ-ერთი უძველესი და გადაუდებელი პრობლემა, რომელიც წლიდან წლამდე იმეორებდნენ ბუნებრივ გაზთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.