
მიუნხენში, „ალიანც არენაზე“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2024/2025 წლის სეზონის ფინალი მიმდინარეობს.
პირველი ტაიმის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ მილანის „ინტერს“ 2:0 ამარცხებს. პარიზელები მე-12 წუთზე აშრაფ ჰაკიმიმ დააწინაურა, ხოლო მე-20 წუთზე მათი უპირატესობა ორამდე დეზირე დუემ გაზარდა. აღსანიშნავია, რომ პირველი გოლის მომენტში საგოლე პასი სწორედ დუეს ეკუთვნოდა.
მეორე გოლის მომენტში ხაზგასასმელია ხვიჩა კვარაცხელიას როლიც. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ბურთი საკუთარი საჯარიმოდან ეფექტურად ამოიტანა და პსჟ-ს შეტევა განავითარა. ტაიმის ბოლოს კი მას კუთხურის შემდეგ გოლის გატანა თავური დარტყმით შეეძლო.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგას ისტორიაში პირველად მოიგებს, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია მეორე ქართველი ფეხბურთელი იქნება, ვინც მთავარი საკლუბო ტურნირის ჩემპიონი გახდება.