ყოველ წელს ამ სეზონზე ახალქალაქის სოფლებთან ტონობით დამპალი კარტოფილის ნაგავსაყრელები წარმოიქმნებოდა, თუმცა წელს მაცხოვრებლებმა გასული წლის მთელი უხვი მოსავალი გაყიდეს და ახლის დათესვა დაიწყეს იმ იმედით, რომ წელსაც დეფიციტი შეიქმნებოდა იმ ქვეყნებში, სადაც ახალქალაქის კარტოფილი ექსპორტზე გადიოდა.

გასულმა სასოფლო-სამეურნეო წელმა ახალქალაქის სოფლის მოსახლეობა შოკში ჩააგდო, პირველ რიგში, უხვი მოსავლით, მეორე მხრივ მოსავლის წარმატებით რეალიზაციით. ახალქალაქის კარტოფილის გასაყიდად ბაზრები რამდენიმე მიმართულებით გაიხსნა.

Jnews photo - 1

„სეზონის დასაწყისში ძალიან ცოტა შეკვეთა იყო, რადგან იმ ქვეყნებს, სადაც კარტოფილი გაჰქონდათ, საკუთარი მარაგი ჰქონდათ.ახალი წლის შემდეგ, მათი მარაგი როგორც ჩანს, შემცირდა და ამიტომ ჩვენზე მოთხოვნა გაიზარდა. აზერბაიჯანი, ცენტრალური აზია, რუსეთი. რამდენადაც ვიცი, სომხეთშიც გაჰქონდათ, მაგრამ შედარებით მცირე მასშტაბით“, – ამბობს სოფლის მეურნეობის ექსპერტი, ახალქალაქის ბიზნესცენტრის დირექტორი მახარე მაცუკატოვი.

ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი კარტოფილი შეიძინეს: რუსეთმა – 25 705 ტონა (10,1 მლნ $), აზერბაიჯანმა – 14 528 ტონა (2,6 მლნ $), სომხეთმა – 2447 ტონა (521 000 $).

მიუხედავად დაგვიანებისა, სოფლის მოსახლეობამ მინდვრების დამუშავება დაიწყო, იმ იმედით, რომ წელსაც გაუმართლებთ და ხელსაყრელი ფაქტორები ერთმანეთს დაემთხვევა – კარგი ამინდი, მდიდარი და ჯანსაღი მოსავალი და კარგი რეალიზაცია.

„რაც შეეხება მომავალი წლის პროგნოზებს, ყველაფერი დამოკიდებულია არა მხოლოდ ჩვენს მოსავლიანობაზე, არამედ იმ ქვეყნების მოსავლიანობაზეც, სადაც კარტოფილი გაგვაქვს. ამიტომ, თუ მიახლოებით ვიტყვით, მოთხოვნა იქნება როგორც მსოფლიო, ისე რეგიონულ ბაზარზე. რადგან უკრაინა უკვე იმდენ კარტოფილს აღარ აწარმოებს და, პირიქით, თავად ახორციელებს იმპორტს. რუსეთსაც საკუთარი კარტოფილის წარმოების დეფიციტი აქვს და ვფიქრობ, ისინიც განახორციელებენ იმპორტს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, აზერბაიჯანმა გაზარდა კარტოფილის დასათესი ფართობი, მაგრამ მათ მოთხოვნა აქვთ ისეთ ჯიშებზე, რომლისგანაც ამზადებენ ჩიფსებს, ფრის და ა.შ. ამიტომ ისინი მაინც განახორციელებენ იმპორტს. რაც შეეხება ცენტრალურ აზიას, ყაზახეთს, ისინი ჩვენგან ახორციელებენ კარტოფილის იმპორტს იმ შემთხვევაში, თუ ჩვენთვის ხელსაყრელი ფასი იქნება, რადგან იქ დიდი ტექნიკური პრობლემებია, დოკუმენტაცია, ტრანსპორტირება, წარმოშობის ადგილი, ფიტოსანიტარია და ა.შ. სწორედ ეს საკითხებია მოსაგვარებელი“, – ამბობს მახარე მაცუკატოვი.

Jnews photo - 1

კიდევ ერთი დადებითი სტიმული ფერმერისთვის გაზრდილი ფასია. ექსპერტის აზრით, კარტოფილის ფასის ზრდის მიზეზი დიდი მოთხოვნა და ბაზარზე კარტოფილის დეფიციტია.

„შეიძლება ითქვას, რომ წელს კარტოფილის ფასი 100-150%-ით გაიზარდა. 50 თეთრიდან დაიწყო 1- 1, 20 ლარამდე ავიდა. რა თქმა უნდა, წელსაც დათესავენ.ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 8-დან 10-11 ათას ჰექტარამდე თესავენ. რაც შეეხება მოსავლიანობას- ყველაფერი კლიმატზეა დამოკიდებული.გასულ წელს კარტოფილის წარმოებისთვის ძალიან კარგი კლიმატური პირობები იყო. წელს ვნახოთ როგორ იქნება. აპრილი მთავრდება და ძალიან ბევრმა დათესვა ვერ მოასწრო. გასულ წელს აპრილში უმეტესობას უკვე დაასრულებული ჰქონდა მოსავლის თესვა“, – ამბობს ის.

Jnews photo - 1

მიუხედავად კარტოფილის წარმატებული წლისა, ფერმერებს მაინც აქვთ შიში, რომ ეს შეიძლება ერთჯერადი შემთხვევა იყოს, რადგან საქართველოში კარტოფილისა და კარტოფილის წარმოების მიმართ განსაზღვრული პოლიტიკა არ არსებობს, განსხვავებით ყურძნისა/ღვინისა და თხილისაგან, რომლებიც ასევე ექსპორტირდება სხვა ქვეყნებში.

„ეს 30-წლიანი დილემაა. ჩვენ მრავალი წელია ვამბობთ, რომ საჭიროა მაცივრების, საწყობების გაკეთება, ასევე ეტიკეტირება. ეტიკეტირება არ გაკეთებულა, მაცივრები არ გაკეთებულა. უნდა შეიქმნას გაერთიანებები, რაღაც კორპორაციები, ასოციაციები, რომლებიც ფერმერების სახელით გამოვლენ და ბაზარზე ითამაშებენ. მაგრამ ეს კულტურა ჯერ არ მუშაობს. არა მხოლოდ კარტოფილის წარმოებაში, არამედ სხვა სფეროებშიც. გარდა იმ სფეროებისა, რომლებიც მომგებიანია – ყურძენი, თხილი – იქ ეს ყველაფერი კეთდება“, – ამბობს მახარე მაცუკატოვი.

ეროვნული სტატისტიკის სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში 43 465 ტონა პროდუქციის გაყიდვიდან ქვეყანამ 13 მილიონ 461 ათასი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.