თბილისის ქუჩები კვლავ საპროტესტო ტალღამ მოიცვა. უკვე 67-ე დღეა, რაც ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ნაწილი ქუჩაში გამოდის და მთავრობის მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლამდე გადადების გადაწყვეტილებას აპროტესტებს. ამჯერად პროტესტის ეპიცენტრმა თბილისი-მოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლა.

აქციის მიმდინარეობა დიღმის ტრასაზე

შუადღისთვის დიღმის ტრასაზე, თბილისის მოლის მახლობლად, ასობით მოქალაქე შეიკრიბა. აქციის მთავარი მიზანი მაგისტრალური გზის გადაკეტვა იყო, რითაც, მონაწილეთა განცხადებით, “ხელისუფლების ყურადღების მიპყრობა” სურდათ.

დღის 4 საათისთვის პოლიციის მნიშვნელოვანი ძალები მობილიზდნენ მოძრაობის ორივე მიმართულებით. დაახლოებით 6 საათისთვის სამართალდამცავებმა დემონსტრანტების დაკავება დაიწყეს. დაკავებულთა შორის აღმოჩნდნენ ოპოზიციის ლიდერები — ნიკა მელია, პარტია “ახალის” თავმჯდომარე და გიგი უგულავა, თბილისის ყოფილი მერი. მოგვიანებით მელიამ განაცხადა, რომ პოლიციის განყოფილებაში, სადაც ის ხელბორკილებით შეიყვანეს, ერთ-ერთმა სამართალდამცავმა მის მიმართ “ფიზიკური ძალადობა გამოიყენა – ფეხი დაარტყა”.

ძალადობის ფაქტები და პოლიციის მოქმედება

საღამოს 8 საათისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მათ შორის ნიღბიანმა პირებმა, ძალის გამოყენებით დაშალეს აქციის ძირითადი ნაწილი. სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, პოლიციელებმა დემონსტრანტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ შორის დაკავების შემდეგაც პოლიციის სატრანსპორტო საშუალებებში. ორგანიზაციის დაკვირვებით, იმ პოლიციის თანამშრომლებს, რომელთა იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო, “დაუსჯელობის სრული გარანტიით” მოქმედებდნენ.

ვიდეომასალაზე ასახულია, თუ როგორ უსწორდებიან ძალოვნები უკვე დაკავებულ აქციის მონაწილეს მრავალი კამერის წინ. ფოტომასალიდან ჩანს, რომ ძალოვანთა ნაწილი არ იყო ჩაცმული კანონით გათვალისწინებულ საპოლიციო ფორმაში, ჰქონდათ დაფარული სახეები და არ ატარებდნენ სამკერდე რეგისტრატორებს. ზოგ შემთხვევაში მათ არც მაიდენტიფიცირებელი წარწერა ჰქონდათ სამოსზე.

დიღმის ტრასაზე ძალადობრივი ინციდენტები წერტილოვნად ფიქსირდებოდა. პოლიცია ძირითადად ცდილობდა არ მიეცა შესაძლებლობა მომიტინგეებისთვის, გადაეკეტათ თბილისიდან გამავალი ოთხზოლიანი მაგისტრალი. ამ მიზნით, ძალოვანთა დიდი ნაწილი “პერიმეტრის” – სავალი ნაწილის გასწვრივ ერთ ან ორ რიგად იყო განლაგებული. მოგვიანებით დადასტურდა, რომ დაკავებებს ახორციელებდა “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანაყოფები”.

დაკავებების ინტენსიფიკაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა სცადეს ტრასის სრულად გადაკეტვა. სამართალდამცავთა ნაწილი აგრესიული იყო ჟურნალისტების მიმართაც. მომიტინგეთა მიმართ იგრძნობოდა აშკარა აგრესია, ნიღბიანთა რიგებიდან ისმოდა უცენზურო გამონათქვამები, განსაკუთრებით არასტანდარტულად ჩაცმული ახალგაზრდა ქალების მიმართ.

პროტესტის გაგრძელება რუსთაველის გამზირზე

საღამოს 8 საათისთვის აქციის მონაწილეებმა დაიწყეს მარში დიღმის ტრასიდან თბილისის სასამართლოსკენ აღმაშენებლის ხეივნის გავლით. ეს მარში, რომელშიც მონაწილეობდნენ სტუდენტები, აქტივისტები და ოპოზიციის მხარდამჭერები, საბოლოოდ რუსთაველის გამზირისკენ წარიმართა. საპროტესტო ტალღამ რუსთაველზე გადაინაცვლა, თუმცა გზად კვლავ ხდებოდა დაკავებები, თუმცა ამჯერად პოლიციის მხრიდან განსაკუთრებული სისასტიკე არ დაფიქსირებულა.

რუსთაველის გამზირზე ღამის 11 საათისთვის ასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც დიღმის ტრასიდან მოსულ კოლონებს სმარტფონების სანათებითა და შეძახილებით “ცეცხლი ოლიგარქიას” ეგებებოდნენ. მარშის მონაწილეები სხვადასხვა ჯგუფს წარმოადგენდნენ, მათ შორის სტუდენტებს, რომლებიც “ევროპისკენ!” და “არა რუსულ კანონს!” სკანდირებდნენ.

რუსთაველის გამზირზე თავმოყრილ მოქალაქეებს საერთო მიზანი აერთიანებდათ — ისინი მოითხოვდნენ ახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, დაკავებული აქტივისტების განთავისუფლებას და ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლებას. მიუხედავად პროტესტის მშვიდობიანი ხასიათისა, შეკრებილ საზოგადოებაში დაძაბულობა იგრძნობოდა, განსაკუთრებით ოპოზიციის ლიდერების დაკავების შემდეგ.

შუაღამისთვის რუსთაველის გამზირზე პროტესტანტთა რაოდენობა შემცირდა, თუმცა ქუჩა კვლავ გადაკეტილი რჩებოდა. მომიტინგეები განაგრძობდნენ სკანდირებას, ერთმანეთის მხარდაჭერას და მომდევნო დღის აქციების დაგეგმვას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გაფრთხილება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლითაც აქციის მონაწილეებს წინასწარ გააფრთხილა, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის საავტომობილო გზის გადაკეტვა სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს. ჯერ კიდევ აქციის დაწყებამდე უწყებამ მოუწოდა ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, “პროტესტი კანონით დადგენილ ფარგლებში” გამოეხატათ.

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აქციის მონაწილეები გეგმავენ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ბლოკირებას. აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 ოქტომბრის №361 დადგენილების თანახმად, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები წარმოადგენს სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს.

სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის შესაბამისად, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება დასჯადი ქმედებაა, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობას 2 წლამდე ვადით, ხოლო აღნიშნული ქმედების ჯგუფურად ჩადენა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით” — ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.