
24 აპრილს, თბილისის სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასის“ დიდ დარბაზში გაიმართა სომეხთა გენოციდის 110-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის ღონისძიება, რომელიც საქართველოში სომხეთის საელჩოსა და სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ინიციატივით ჩატარდა.
ღონისძიება საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩის- აშოტ სმბატიანის მისასალმებელი სიტყვით დაიწყო. მან აღნიშნა, რომ სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნა ევროპული მეხსიერების ნაწილი უნდა იყოს.
გამამხნევებელი სიტყვით გამოვიდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი მაისურაძე, რომელმაც ხაზი გაუსვა სომხურ-ქართულ მეგობრობას და ისაუბრა მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, საერთო კულტურისა და ძმური ურთიერთობების შესახებ.
სიტყვით გამოვიდა სომეხთა გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი რეგინა გალუსტიანიც, რომელმაც წარმოადგინა გენოციდს გადარჩენილი და საქართველოში დასახლებული სომხების შესახებ საარქივო მასალები.
მუსიკალური ნომრები შეასრულეს რუზან მანთაშიანმა და პიანისტმა მამიკონ ნაჰაპეტოვმა.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა კირაკოს დავთიანმა თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ სომეხი მუდამ იქნება მომთხოვნი და გულმოდგინედ მოეკიდება სომეხთა გენოციდის აღიარების საკითხს.
„110 წელი გავიდა ისტორიის შავ დღიდან, რომელსაც ყოველწლიურად ვიხსენებთ, ხელახლა განვიცდით და ვგლოვობთ, მოვითხოვთ, რომ სხვებმაც აღიარონ ის, როგორც სომეხთა გენოციდი. უკვე 10 წელია, რაც გენოციდის მსხვერპლები წმინდანებად არიან აღიარებული და ჩვენ უკვე აღარ ვუძღვნით მათ სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს, არამედ ვლოცულობთ მათთვის როგორც წმინდანები, რათა მათ შუამდგომლობა გაგვიწიონ ღმერთთან ჩვენი ერისა და სამშობლოსთვის“.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში მცხოვრები სომეხი საზოგადო მოღვაწეები, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, სასულიერო პირები, ახალგაზრდები და სხვანი.