
სოფელ მოდეგამში ცარიელი სახლების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. ელემენტარული პირობების უქონლობის გამო მოსახლეობა სოფელს ტოვებს. უპირველეს პრობლემებს შორის არის გაზიფიცირების საკითხი და გზების ავარიული მდგომარეობა.
წლების განმავლობაში სოფელი დაცარიელდა. 1990-იან წლებში იქ 80 ოჯახი ცხოვრობდა, ახლა კი მხოლოდ 33 ოჯახია. ახალგაზრდები, რომლებიც ტოვებენ სოფელს უმაღლესი განათლების მისაღებად, აღარ ბრუნდებიან.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოდეგამის სოფელი მდებარეობს რაიონის ცენტრიდან 26 კილომეტრის დაშორებით, ზღვის დონიდან 1960 მეტრის სიმაღლეზე.
სოფლის მცხოვრებლები გულისტკივილით აღნიშნავენ, რომ ხალხი ტოვებს სოფელს, თუმცა არ ადანაშაულებენ მათ, ვინც მიდის. ამბობენ, რომ კარგი დღისთვის არავინ ტოვებს სოფელს.
„ჩემი შვილიშვილებმაც უმაღლესი განათლების მისაღებად სოფლიდან წავიდნენ. უფროსი შვილიშვილი ერევანში, ხოლო უმცროსი — ახლა თბილისში სწავლობს. რომ დაბრუნდნენ სოფელში, რა უნდა გააკეთონ? სად უნდა იმუშაონ? უკეთესია, დიდ ქალაქებში დარჩნენ და იქვე იპოვონ სამსახური,“ — ამბობს მოდეგამის მაცხოვრებელი ვარდან ჩახალიანი.
მოსახლეობა სოფლის მთავარი პრობლემების ჩამონათვალში გამორჩეულად ასახელებს გაზიფიცირებისა და გზის მდგომარეობის საკითხს.
„ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა გაზიფიცირება და გზის საკითხია. საუბრები მიდის იმაზე, რომ ჩვენი სოფელი უნდა გაზიფიცირდეს — ვიცხოვრებთ და ვნახავთ. წლევანდელ ზამთარს გზასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემა არ ყოფილა, რადგან მუდმივად ასუფთავებდნენ. სულ რაღაც 3-4 კილომეტრია დარჩენილი ასფალტირებისთვის,“ — ამბობს მოდეგამის კიდევ ერთი მაცხოვრები, სერიან ფამბუხჩიანი.
საქმე ისაა, რომ გასულ წელს ასფალტით დაიფარა 1 კილომეტრიანი მონაკვეთი — ღადოლარი სოფლის ხიდიდან მოდეგამის გზაჯვარედინამდე.
„შარშან ჩვენს სოფელში გზაჯვარედინამდე 1 კილომეტრი გზა მოასფალტდა, 3-4 კილომეტრი კი რჩება მოსაასფალტებლად. მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს ნამუშევარი რეალობად აქციეს“, – განაცხადა ვარდან ჩახალიანმა.
მოდეგამის მცხოვრებლების თქმით იმისათვის, რომ სოფელამდე ბუნებრივი გაზი მივიდეს, დაახლოებით 160 000 ლარია საჭირო.
„21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, მაგრამ გაზის გარეშე . განსაკუთრებით ზამთარში ძალიან რთულია. საუბარია, რომ წელს უნდა მოხდეს ჩვენი სოფლის გაზიფიცირება. გაზი ღადოლარიდან უნდა მოიყვანონ — ვნახოთ, რა იქნება. მოსახლეობა თავად უნდა შეაგროვოს დაახლოებით 160 000 ლარი — ეს კომპანია SJGC-ის მიერ დათვლილი ანგარიშებით. ჩემი აზრით, ჩვენი სოფელი შეძლებს ამ თანხის შეგროვებას. უკვე დავიღალეთ შეშითა და წივით ცხოვრება,“ — თქვა სოფლის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა.
ამის შესახებ სოფელ მოდეგამში მერის წარმომადგენელმა არამაის ჩახალიანმა Jnews-თან ინტერვიუში განაცხადა.
„გასულ წელს 1 კილომეტრიანი გზა ჩვენი სოფლის გზაჯვარედინამდე განაახლეს, ხოლო დარჩენილი მონაკვეთი გაასწორეს, რაც სოფლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ადრე ტაქსის მძღოლები ჩვენს სოფელში მგზავრებს მხოლოდ ღადოლარის ხიდთან მიჰყავდათ და ეუბნებოდნენ — როგორც გინდათ, ისე წადით. ამ დროისთვის გზის გაგრძელების ასფალტირების პროგრამა არ არსებობს.“
რაც შეეხება სოფლის გაზიფიცირებას, არამაის ჩახალიანის თქმით, სოფლის მცხოვრებლებს თავად მოუწევთ თანხის შეგროვება, რათა სოფელში გაზი შევიდეს.
„მართალია, ცოტა ძვირი ჯდება, მაგრამ რა გავაკეთოთ — უკეთესია ერთხელ გადავიხადოთ და საბოლოოდ გაზი გვქონდეს,“ — აღნიშნა მან.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს მოდეგამში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი 10 000 ლარით სარიტუალო სახლის სახურავი გაარემონტეს, ხოლო წელს სარიტუალო სახლისთვის ახალი სკამები და მაგიდები შეძენა გადაწყვიტეს.
წაიკითხეთ ასევე:
მოდეგამის მოსახლეობა იძულებულია „თბებოდეს” წივით
მოდეგამი – სოფელი, სადაც კარგავენ ყველაზე მნიშვნელოვანს – იმედს