
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე მსვლელობა გაიმართება. რუსთაველის გამზირზე სლოგანით „სახალხო გაზაფხული მოდის“ ღონისძიება იგეგმება. ორგანიზატორების ინფორმაციით, მოქალაქეები დედაქალაქის მთავარ გამზირზე 20:00 საათზე შეიკრიბებიან.
21:00 საათზე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ცნობილია, რომ დღევანდელ აქციაზე ზურაბიშვილი და ოპოზიცია კოორდინირებულ სამოქმედო გეგმას წარადგენენ. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მე-5 პრეზიდენტმა მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ არაერთხელ მოუწოდა.
„31 მარტი – ქართველი ხალხის გაღვიძების დღეა, როდესაც 1991 წელს საქართველოს მოსახლეობის 99.08%-მა თქვა „დიახ“ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას და რუსეთის ბატონობის დასრულებას. ჩვენს ქუჩაზეც მოდის გაზაფხული. ახალი ცხოვრებით, ახალი ძალებით დგება სახალხო გაზაფხული,“ – აღნიშნულია მომავალი აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.
გარდა ამისა, თბილისში არაერთი მარშია დაგეგმილი.
კერძოდ, 19:00 საათზე სტუდენტები თსუ-ს შენობასთან შეიკრიბებიან ლოზუნგით- „ჩვენი მომავალი დამოუკიდებელი საქართველოა“, შემდეგ კი მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ გაემართებიან.
19:00 საათზე თავისუფლების მოედნიდან რეფერენდუმისადმი მიძღვნილი მსვლელობაა დაგეგმილი.
19:00 საათზე რუსთაველის თეატრის შენობასთან შეიკრიბებიან ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, რომელთა ლოზუნგია- „კულტურა დამოუკიდებლობისთვის“.
„შემოგვიერთდით რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, რათა კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვთქვათ – არა ტირანიას (თვითნებობასა და ძალადობაზე დამყარებული მმართველობას), ვთქვათ – დიახ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას!“ – აღნიშნეს ორგანიზატორებმა.