
როგორც ჩანს, სოფლი აბულის მოსახლეობის მრავალწლიანი გადაუჭრელი პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება. სოფლის გაზიფიკაციას ახორციელებს SJGC გაზგამანაწილებელი კომპანია.
„ჩვენ, სოფლის მცხოვრებლებმა, შევაგროვეთ თანხა, რათა ჩვენს სოფელშიც იყოს გაზი. დავიღალეთ შეშის ღუმელის (ფეჩის) გამოყენებით. მოსახლეობის უმრავლესობამ სესხი აიღო, რომ გადახდა შეძლოს,“ – ამბობს თანხის შეგროვებაში მონაწილე ხდოიან რუსლანი.
აბულის მოსახლეობას ერთი წერტილისთვის 1200ლარის გადახდა უწევთ.
„წელს, ბოლოს და ბოლოს, ბუნებრივი გაზი გვექნება. ზოგიერთ სახლში არავინ ცხოვრობს, მაგრამ საზღვარგარეთ მყოფმა მცხოვრებლებმაც კი გაგზავნეს თანხა გაზის გასაყვანად. გაზი უფრო იაფია სხვა საწვავებთან შედარებით. წარმოიდგინეთ, ყოველ თვე ელექტროენერგიაში 150-180 ლარს ვიხდი, აღარ ვამბობ შეშაზე, რომლის ერთი რიგის ფასი 600-700 ლარია. ზამთარში საშუალო ოჯახს 5 რიგი შეშა სჭირდება,“ – ამბობს ჟორჟიკ ჰოვანნისიანი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულში გათბობა კვლავ შეშის ღუმელებით მიმდინარეობს. ხალხი გათბობისთვის შეშას წვავს.
აბულელები აღნიშნავენ, რომ ნორმალური ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი პირობა გაზიფიცირებაა, რომელიც მალე მათთვისაც გახდება ხელმისაწვდომი.
SJGC-ის დირექტორმა ვრეჟ ბერიკიანმა Jnews-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ სოფელ აბულში გაზიფიცირების სამუშაოების დასაწყებად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ნებართვას ელოდებიან, რის შემდეგაც დაიწყებენ გაზსადენის მშენებლობას.
„ძირითადად, სოფლის 4 მადუსთან მოვილაპარაკეთ, რომლებმაც ფული შეაგროვეს. თანხის ნაწილს ჩვენ ვაძლევთ, მეორე ნაწილს სპონსორები გვაძლევენ. ყველა ადგილას 300 მეტრში მდებარე ერთი წერტილის ღირებულება 400 ლარია.რადგან სოფელ აბულში გაზსადენი არ არის, ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით ვახორციელებთ მაგისტრალის მშენებლობას“, – განმარტა ბერიკიანმა.
სოფელ აბულში გაზგამანაწილებელ კომპანია SJGC-ს 109 აბონენტი ეყოლება. ფაქტობრივად, ამჟამად სოფელში 96 ოჯახი ცხოვრობს.
გევორგ ჯანოიან