რეგიონული ფონდი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 4 სოფლის გზის მოასფალტებას აფინანსებს, ჯამურად 9 686 620 ლარით. სამუშაოებზე ტენდერი უკვე მეორედ ცხადდება.

ახალქალაქის მერიამ 4 სოფლის გზის ასფალტის საფარის დაგებაზე ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოებს რეგიონული ფონდი აფინანსებს, თუმცა თანხის 5% ადგილობრივი ბიუჯეტიდან არის გამოყოფილი. რეაბილიტაცია გაუკეთდებათ შემდეგ გზებს:

1. კოჩიო-აგანა. გზის ასფალტირების პროექტი ორწლიანია (2025-2026 წწ.), რეაბილიტაციის ჯამური ღირებულება 1 579 509 ლარს შეადგენს. გზის სიგრძე 2149 მ, სიგანე 5 მ.

2. მაჯადია-თოთხამი-კორხი. გზის ასფალტირების პროექტი ორწლიანია (2025-2026 წწ.), სამუშაოების ჯამური ღირებულება 3 871 244 ლარს შეადგენს. გზის სიგრძე დაახლოებით 4 კმ-ია.

3. ბურნაშეთი-აზავრეთი. სამუშაოების ჯამური ღირებულება 2 624 746 ლარს შეადგენს. გზის სიგრძე 900 მ და 2000 მ, სიგანე 5-6 მ და 4-5 მ შესაბამისად.

4. სოფელ გოდოლარის შიდა გზები. სამუშაოს მოცულობა 1 611 121 ლარს შეადგენს, გზების სიგრძე დაახლოებით 1500 მ.

კოჩიო-აგანა და მაჯადია-თოთხამი-კორხის გზების რეაბილიტაცია ერთ ტენდერში გამოცხადდება, მეორეში კი ბურნაშეთი-აზავრეთის და სოფელ გოდოლარის შიდა გზები. მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის ინფორმაციით, რეგიონული ფონდის თანხით სოფელ გოგაშენის გზის ტენდერიც ამ დღეებში გამოცხადდება.

აღვნიშნავთ, რომ აღნიშნული ტენდერები, მათ შორის სოფელ გოგაშენსა და აფნიაში გზების გარემონტების ტენდერები, მუნიციპალიტეტმა 2025 წლის 21 იანვარს უკვე გამოაცხადა. კონკურსში ყველა შემთხვევაში მხოლოდ კომპანია „ჯავახავტოგზა“ მონაწილეობდა, რომელმაც კონკურსში გაიმარჯვა, თუმცა შემდეგ ტენდერები შეწყდა. მაშინ ახალქალაქის მერიაში მიზეზად სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემები დაასახელეს.

ახალ ტენდერებში სამუშაოების ღირებულება არ შეცვლილა, გარდა აზავრეთი-ბურნაშეთის გზისა – მისი რეაბილიტაციის თანხა 42 120 ლარით გაიზარდა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების სამუშაოები გრძელდება. მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად გზების მოასფალტება ხდება როგორც ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ასევე რეგიონული ფონდიდან. თუმცა, ჯერჯერობით ვერ ვიტყვით, რომ მუნიციპალიტეტის საგზაო ინფრასტრუქტურას რეაბილიტაცია ჩაუტარდა.