
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთში საბავშვო ბაღი არ არის. აქ, სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის განუყოფელი „მეგობარი“ ტელეფონია.
ხავეთში 50 ოჯახი, დაახლოებით 300 ადამიანი ცხოვრობს. სოფელი რაიონული ცენტრიდან შორს მდებარეობს და ბევრ რამეს არის მოკლებული. სოფელს არ აქვს საბავშვო ბაღი, სათამაშო მოედანი, ფეხბურთის მოედანი და ა.შ. ხავეთის მოსახლეობას სურს, რომ მათმა შვილებმაც ისარგებლონ სკოლამდელი განათლების უფლებით. ისინი ხელისუფლებას ხავეთში საბავშვო ბაღის აშენებას სთხოვენ.
„სამი შვილი მყავს, ჩემი შვილები საბავშვო ბაღში არ დადიან. ჩემს შვილებს მოკლებული აქვთ სკოლამდელი განათლების მიღების შესაძლებლობა. საბავშვო ბაღის არარსებობა დიდ გავლენას ახდენს ბავშვების განვითარებაზე. სხვა სოფლებს რატომ აქვთ საბავშვო ბაღი, ხოლო ჩვენს სოფელს არა? ძალიან მტკივნეულია ამ თემაზე საუბარი“, – ამბობს სოფელ ხავეთში მაცხოვრები, სამი მცირეწლოვანი შვილის მამა სამველ მკრტჩიანი.
ხავეთში დარწმუნებულები არიან, რომ სოფლიდან ემიგრაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საბავშვო ბაღის არარსებობაა.
„ჩვენს სოფელს დიდი ხანია საბავშვო ბაღის პრობლემა აქვს, რაც ემიგრაციაზე აისახება. სოფელს საცხოვრებლად აუცილებელი ელემენტარული პირობები რომ ჰქონოდა, ხალხი მშობლიურ ადგილს არ მიატოვებდა. გზის პრობლემა გვქონდა, მაგრამ უკვე მოგვარებულია. თუ ბაღის და ამბულატორიის საკითხიც მოგვარდება, მაშინ ჩემი აზრით, ემიგრაციის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდება“, – თქვა სოფელ ხავეთის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.
Jnews-ი დაუკავშირდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორს ანაჰიტ ასატურიანს. მისი თქმით, საბავშვო ბაღების მშენებლობა მათ კომპეტენციაში არ შედის, ეს მერიის კომპეტენციაში შედის. რაც შეეხება სკოლამდელი ასაკის ბავშვების ხავეთიდან ახლომდებარე სოფლების საბავშვო ბაღებში გადაყვანას, მან აღნიშნა:
„ამჟამად ხავეთთან ყველაზე ახლოს მდებარე სოფელი, სადაც საბავშვო ბაღი არის, სულდაა, მაგრამ არც იქ არის ადგილი. სულდაში 5 სოფლის ბავშვები მიჰყავთ“, – ამბობს ანაჰიტ ასატურიანი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურმა გვაცნობა, რომ წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა არ იგეგმება.
„წელს ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა არ იგეგმება. ახალი საბავშვო ბაღის აშენებას არ ვგეგმავთ არა მარტო სოფელ ხავეთში, არამედ მთელ მუნიციპალიტეტში, მაგრამ ზოგიერთ საბავშვო ბაღში სარემონტო სამუშაოები ჩატარდება“, – თქვა ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის უფროსმა მნაცაკან ფამბუხჩიანმა.
გევორგ ჯანოიან