
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის შესასვლელთან სოფლის სახელწოდებით თაღი ააშენეს. თაღი სოფლის დღეს, 11 ნოემბერს, გაიხსნა.
ახლა სოფელ ბუზავეთში შესულები გადიან თაღს, რომელსაც აწერია სოფლის სახელწოდება და წარწერა „მოგესალმებით“ სომხურად და ქართულად.
თაღის ინიცირება და მშენებლობა ერთ თვეში მოხდა, რათა სოფლის დღეს გაიხსნას, რომელიც წელს მეორედ გაიმართა. ინიციატორი სოფლის მკვიდრი სერჟო კუროიანია, რომელსაც სოფლის ახალგაზრდები დიდი ენთუზიაზმით დაეხმარნენ. ქველმოქმედი ბუზავეთის სოფლის დღის დაარსების ინიციატორიც არის, რომლის დღედ 11 ნოემბერი აირჩიეს.
“მრავალი წელია სხვადასხვა სახის ქველმოქმედებას ვეწევი, შარშან გადავწყვიტე სოფლის დღესასწაული დამეარსებინა, რათა თანასოფლელები გამეერთიანებინა. ერთიანობით შევძლებთ ჩვენი სოფლის პრობლემების გადაჭრას, რომელიც ძალიან ბევრია“, – Jnews-თან ინტერვიუში თქვა სერჟო კუროიანმა.
ერთი წლის წინ დაფუძნებული ტრადიციის მიხედვით, წელს სოფლის დღესასწაული ბუზავეთში, ჩვეულებისამებრ, 11 ნოემბერს აღნიშნეს – სიმღერებით ცეკვებით და ტკბილეულობით. ძველ ეკლესიასთან ჩაატარეს მსხვერპლშეწირვის რიტუალი – სამხტო. დღესასწაულზე მოწვეული იყვნენ და ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
პატარა, მაღალმთიანი სოფელი 35-მდე მეურნეობით აქტიური ცხოვრებით შეივსო.
სოფლის დღეს ახალქალაქისა და ნინოწმინდის სხვადასხვა სოფლების გუნდებს შორის ფეხბურთის ტურნირიც დაიწყო. ტურნირი სოფლიდან არმენ აკობიანის ხსოვნას მიეძღვნა. ჩემპიონატის ფინალი 14 ნოემბერს გაიმართა. ბუზავეთის გუნდმა 1-ლი ადგილი დაიკავა, მე-2 ადგილი სოფელ ეშტიამ, ხოლო ტურნირის ბრინჯაოს მედალოსანი სოფელ ბუღაშენის გუნდი გახდა.
ქველმოქმედის თქმით, ის შეეცდება, რომ სოფელ ბუზავეთის დღის ტრადიცია ყოველთვის დაცული იყოს და ყოველწლიურად 11 ნოემბერს იქ დღესასწაული იმართებოდეს.