3 დეკემბრიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 300 ლარის ოდენობის კომპენსაციის მიღებაზე განაცხადის მიღება დაიწყო იმ ობიექტების მომუშავეთათვის, რომელთა საქმიანობა 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის 1-ლ თებერვლამდე შეზღუდულია თუმცა, განაცხადი უნდა შეიტანოს ან შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებულმა თვითდასაქმებულმა პირმა, ამ განმცხადებლის დამსაქმებელმა https://eservices.rs.ge გვერდზე.
ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს, 300 ლარის ოდენობის კომპენსაციის მისაღებად, წარდგენილი იყო ნაწილობრივ და ყველაფერი არ იყო გასაგები, თუმცა გუშინ საღამოსთვის შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა დეტალური ინსტრუქცია, თუ როგორ შეიძლება განაცხადის შეტანა.
განვმარტავთ დეტალურად…
იმ ადამიანებმა, რომლებმაც კორონავირუსთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ შემოღებული შეზღუდვების გამო, დროებით დაკარგეს სამსახური (28.11.2020-დან 01.02.2021-მდე), არსად არ უნდა დარეგისტრირდნენ. თუ დროებით უმუშევარი თვითდასაქმებულია და rs.ge-ს სისტემაში არის დარეგისტრირებული, ის rs.ge-ში საკუთარი გვერდიდან თვითონ აგზავნის განაცხადს. თუკი შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანი დაქირავებული მომუშავეა, მის სახელზე განაცხადი დამსაქმებელმა უნდა შეიტანოს. ანუ, ის ობიექტი, სადაც აღნიშნული პირი მუშაობს, საკუთარი გვერდიდან rs.ge-ში განაცხადის ფორმას ავსებს.
უფრო ნათელი წარმოდგენისთვის, დავუშვათ, რომ ადამიანი ახალქალაქში რესტორანში მუშაობდა და შეზღუდვების შედეგად 2 თვე ვერ იმუშავებს და შემოსავალი არ ექნება. ამ შემთხვევაში, ამ ადამიანის სახელზე განაცხადი უნდა გააგზავნოს ბუღალტერმა, დაწესებულების მფლობელმა ან იმ ადამიანმა, რომელსაც rs.ge-ში ობიექტების საშემოსავლო გადასახადების შესახებ ინფორმაციის წარდგენა ევალება.
ასევე, თუკი, მაგალითად, ვინმეს აქვს კერძო სავარჯიშო ტრენაჟორების დარბაზი (არ ეხება მუნიციპალურ ობიექტებს), მან rs.ge-ში ავტორიზაცია უნდა გაიაროს და საკუთარი გვერდიდან კომპენსაციის მიღების განაცხადი გააგზავნოს.
განაცხადის წარდგენის და კომპენსაციის ვადები
პირველადი განაცხადი უნდა გაიგზავნოს 3-დან 24 დეკემბრის ჩათვლით, მაგრამ მონაცემების დაზუსტება შესაძლებელი იქნება 2020 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით.
ფინანასთა სამინისტრო დამსაქმებლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას გადაამოწმებს და 3 სამუშაო დღის განმავლობაში დასაქმების სააგენტოს გადასცემს, რომელმაც თავის მხრივ 3 სამუშაო დღის განმავლობაში უნდა ჩარიცხოს კომპენსაცია.