ფლორა არევიანი ახალქალაქის რაიონის სოფელი ორჯიდან არის.  52 წელი მასწავლებლად მუშაობდა, ამჟამად კი უმუშევარია. ის მარტო ცხოვრობს, სკოლა მისი მეორე სახლი იყო, თუმცა წელს მან სკოლა დატოვა. მარტოხელა ქალს, რომელიც გაღვიძებისთანავე სკოლაში მიისწრაფოდა, ახლა უკვე არსად ეჩქარება.

52 წლიანი კარიერის განმავლობაში მან 10-12 დაწყებითი კლასი გააცილა. შარშანწინ პირველი კლასის მიღებისას ქალბატონ ფლორას არც კი უფიქრია, რომ ეს მისი უკანასკნელი კლასი იქნებოდა. ის რთულად დაემშვიდობა საყვარელ სკოლას.

“ძალიან რთული იყო სკოლიდან წასვლა, ძალიან ვწუხვარ. მითხრეს, რომ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, კიდევ ერთი წელი შევძლებდი მუშაობას. მაგრამ ასე არ მოხდა და ვერ შევძელი მესამე კლასამდე მაინც მიმეყვანა ჩემი კლასი”, – მწუხარებით ყვება ფლორა არევიანი.

ის სკოლიდან 2019 წელს წავიდა, როდესაც სახელმწიფომ საპენსიო ასაკის პედაგოგებს პრემიის მიღება და სკოლის დატოვება შესთავაზა.

არევიანი აღნიშნავს, რომ მასწავლებელს მისი პროფესია უნდა უყვარდეს, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, ასევე მოთმინება, რადგან ბავშვები განსხვავებულები არიან და შესაბამისად, ყველა ბავშვს სპეციალური მიდგომა სჭირდება.

“ბავშვები უნდა წავახალისოთ, რათა იყვნენ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულნი”,- აღნიშნავს არევიანი.

ფლორა არევიანი თავიდან ასწავლიდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დადეშში, სხვა სოფელში 3-წლიანი საყვარელი საქმიანობის შემდეგ, ის დაბრუნდა ორჯაში და 49 წელი სოფლის საჯარო სკოლაში ასწავლიდა.

ფლორა არევყან 1

ბავშვობაში ფლორა იურისტობაზე ოცნებობდა, მაგრამ გაითვალისწინა მამის რჩევა, მასწავლებლის პროფესია აირჩია და ძალიან შეიყვარა.

“სიმართლე გითხრათ, ძალიან მომწონდა იურისტის პროფესია, თუმცა ისე გამოვიდა, რომ პედაგოგიკა ავირჩიე და ჩემი სამუშაო ძალიან შემიყვარდა”,- ყვება არევიანი.

ის ასწავლიდა საბჭოთა კავშირის დროსაც, ასევე მისი დაშლის შემდეგაც.

“ჩვენს თაობაზე მამაჩემი ამბობდა, რომ “უპატრონო თაობა, უმიზნო”, მაგრამ როდესაც ახალ თაობას ადარებ, უკვე აღარ ვიცი. მაგრამ იცით, ჩვენ ვზრდით ამ თაობას, რასაც გავცემთ, იმას ვიღებთ. ჩვენ ამ თაობისთვის მაგალითები ვართ. მაგრამ მე მუდამ ვამბობდი, რომ ბავშვს ზრდის დედა, თუკი დედა განათლებულია, ბავშვი ვერ იქნება გაუნათლებელი. შესაბამისად, ცუდი მოსწავლეები არ არსებობენ, არსებობენ ცუდი მასწავლებლები და რთული მოსწავლეები. რაც შეეხება განათლების სისტემას, თუკი მასწავლებელი უნამუსოდ მოიქცევა, მოსწავლეები ვერაფერს მიხვდებიან. ახლა წიგნები ისეა ნათარგმნი, რომ მოსწავლეები მუდამ მეკითხებიან “მასწავლებელო, აქ რა წერია? აქ რაზეა საუბარი?”. განსაკუთრებით მათემატიკაში ისეთი არეულობაა”,- ამბობს არევიანი.

სკოლის დატოვების შემდეგ, ქალბატონი ფლორა​ აპირებს, საკუთარი ოცნებები, განცდები და მოგონებები ფურცელზე გადაიტანოს. ის მარტოხელაა, არ არის გათხოვილი. იხსენებს, რომ ახალგაზრდობაში უყვარდა კითხვა და ცხოვრების რეალური წარმოდგება წიგნისგან ძალიან განსხვავდებოდა, ამით იმედგაცრუებულია.

“წიგნის სიყვარული – ეს არის მისი მარტოობის მიზეზი. სკოლის პერიოდიდან მოყოლებული იმდენს ვკითხულობდი, რომ აფრთხილებდნენ ჩემთვის და ჩემი დაქალებისთვის წიგნები არ გამოეტანებინათ. ჩემი მოსწავლეები ჩემს რჩევებს ითვალისწინებდნენ, წიგნები რომ წაეკითხათ. მე ყოველთვის ყველას ვეუბნებოდი, წაიკითხეთ, მაგრამ ზომიერად. ზუსტად ამ მიზეზით ახლა მე მარტო ვარ. მარტოობა რთულია, არავის ვურჩევ მარტო ყოფნას”, – ხაზს უსვამს ფლორა არევიანი.

გრქერ არევყან

სკოლასთან და მოსწავლეებთან კავშირი იმდენად ძლიერია, რომ ქალბატონი ფლორა გეგმავს სკოლის ყველა ღონისძიებას დაესწროს, ამით მაინც შეივსოს სიცარიელე, რაც სკოლის დატოვების შემდეგ დაგროვდა.

“სკოლაში ყველას ვეუბნები, რომ სკოლის ყველა ღონისძიებაზე დამპატიჟონ, როგორც ამბობდა ამო სააკიანი – “არ ჩამიწეროთ  გაცდენა”, – ამბობს ქალბატონი ფლორა.