სოფლებში პრიორიტეტული სამუშაოების შერჩევა მიმდინარეობს, რომელთა განხორციელებას სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გეგმავენ. Jnews-ი 3 სოფლის პრიორიტეტის შერჩევის პროცესს დაესწრო.

იმისათვის, რომ სოფლის მოსახლეობას პრიორიტეტების შერჩევაში დაეხმარონ, მუნიციპალიტეტმა საკრებულოს და მერიის თანამშრომლებისგან შექმნა კომისია. 6-დან 14 თებერვლამდე ისინი, სოფლის მოსახლეობას ხვდებიან და პრიორიტეტების შერჩევაში ეხმარებიან.

12 თებერვალს, jnews-ი სამ სოფელში – ვაჩიანის, ჩამდურას და მურჯახეთის შეხვედრებს დაესწრო, რომელშიც, გრაფიკის თანახმად, კომისიის ერთი წარმომადგენელი, საკრებულოს წევრი ნაირი ირიციანი მონაწილეობდა.

სამივე შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს მოადგილე გაიოზ ლომსაძე, დეპუტატები და სოფლის უფლებამოსილი პირები.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, სოფელ ვაჩიანისთვის გათვალისწინებული თანხა, 20 000 ლარს შეადგენს. მოსახლეობა პრიორიტეტების არჩევაზე დიდხანს კამათობდა. შეთანხმება რთული იყო. მუნიციპალიტეტი მათ სთავაზობდა საბავშვო მოედანის აშენებას და სასმელი წყლის გაყვანილობის რეაბილიტაციას. კამათი იყო, ასევე სოფლის შიდა გზების რეაბილიტაციაზე. ადგილობრივების ნაწილი გზების რეაბილიტაციას ეწინააღმდეგებოდა, რადგან არაეფექტიანად თვლიდნენ აღნიშნულ სამუშაოს.

“საჭიროა სოფლის შიდა 200 მეტრი სიგრძის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია. გზის პრობლემის გამო, არც ტაქსისტები, არც სასწრაფო არ დადის სოფელში. ეს სოფლის მთავარი გზაა, საიდანაც იყოფა მეორეხარისხოვანი გზები”, – ამბობს მკვიდრი ალბერტ ქეიანი.

საბოლოოდ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის სახსრების გამოყენება შემდეგ სამუშაოებზე გადაწყვიტეს: 3000 ლარის სპორტული ინვენტარი, 5000 ლარი – სოფლის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია, 11 200 ლარი- სოფლის სტადიონი, 800 ლარი – ორი ელექტრონული განათება.

შემდეგი შეხვედრა ჯგუფმა სოფელ ჩამდურაში გამართა. სოფელმა პროგრამის ფარგლებში 16 000 ლარი მიიღო. აღვნიშნავთ, რომ თანხა სოფლის ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით ნაწილდება.

სოფელ ჩამდურაში მოსახლეობა დიდხანს არ უკამათია. ისინი მთლიანად სოფლის განათების მოწესრიგებაზე და სპორტული ინვენტარის შეძენაზე შეთანხმდნენ. მათ ტრენაჟორების ყიდვა შესთავაზეს, მაგრამ, რადგან ადგილი არ არის, სადაც შესაძლებელი იქნება მათი განთავსება, გადაწყვიტეს მთლიანი თანხის განათებაზე გამოყენება, დაახლოებით 45 ბოძის გაყვანა. როგორც შეხვედრაზე ითქვა, ერთი ელექტრონული ბოძის დასგმა 380-დან 420 ლარამდე ჯდება.

სოფელ მურჯახეთში შეხვედრა შედგა იქ, სადაც ახალგაზრდები და მოხუცები იკრიბებიან. მურჯახეთს 12 000 ლარის გამოყენება შეუძლია. ზოგიერთი სოფლის ხიდის გარემონტებას სთავაზობდა. თუმცა, განხილვის პროცესში გაირკვა, რომ თანხა აღნიშნული ხიდის გასარემონტებლად არ არის საკმარისი. ხიდის რეაბილიტაციისთვის, რამდენიმე წლის წინ, მუნიციპალიტეტმა დაახლოებით 25 ათასი ლარი გამოყო. ხიდი ისტორიულ ძეგლს წარმოადგენს და მისი რემონტისთვის სპეციალური ნებართვაა საჭირო.

სოფლის მოსახლეობას პარკის აშენება და სპორტული ინვენტარის შეძენაც შესთავაზეს, თუმცა, სასმელი წყლის მილის რეაბილიტაცია ამჯობინეს. აზბესტის მილებს პლასტმასით შეცვლიან და დანარჩენი თანხით სოფელში განათების მოწყობას მოხმარდება.

სოფლის ახალგაზრდობა პრიორიტეტების არჩევით უკმაყოფილო დარჩა, მათ სტადიონს დაჰპირდნენ, რასაც დიდი ხანია ითხოვენ.

“არჩევნების დროს, ჩვენ დაგვპირდნენ სპორტული მოედნის აშენებას, უკვე ხუთი წელია გვპირდებიან, მაგრამ არ აშენებენ. ყველა სოფელს აქვს პატარა სტადიონი, ჩვენს სოფელს იგნორირებას უკეთებენ, ჩვენი სტადიონი 15 წლისაა”, – თქვა არტიომ ჭორუღიანმა.

აღვნიშნავთ, რომ მუნიციპალიტეტმა წელს, ადგილობრივ ბიუჯეტში, სოფლების განათების გაყვანილობა არ გაითვალისწინა, ამიტომ ყველა სოფელმა პრიორიტეტად განათება აირჩია. არც ერთ ამ შეხვედრას არც ერთი ქალი არ ესწრებოდა.