Armenian      Russian

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით 6 პირი დააკავეს, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა.

ერთდროულად ჩატარებული კომპლექსური გამოძიების ღონისძიება, გენერალურ პროკურატურასთან ერთად მიმდინარეობდა თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ქობულეთში.

დაკავებულია 56 წლის მ.მ., 39 წლის ს.ბ., 50 წლის დ.მ., 43 წლის ც.შ. და 30 წლის ბ.ჩ. ექვსივე ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა, მათ შორის არსებული ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზნით, „ქურდული სამყაროს“ წევრებსა და საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერი ქურდს“, ნიკოლოზ ფურცხვანიძეს – მეტსახელად „ბურდღუნიჩას“ მიმართეს.

„ქურდული სამყაროს“ წევრებს შორის, რომლებიც მოდავე მხარეებს წარმოადგენდნენ, სატელეფონო ქურდული გარჩევა შედგა, რომლის შედეგადაც, ერთ-ერთ მხარეს 8,700 ევროს ერთი თვის ვადაში გადახდა დაეკისრა.

„ქურდული სამყაროს“ წევრების მხრიდან სისტემატური ზეწოლის შედეგად, ნ.შ.-ს და დ.მ.-ს, დაკისრებული თანხა ბრალდებულების ანგარიშებზე ჩაარიცხინეს.

ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდს“ „ბურდღუნიჩას“ უკავშირდებოდნენ.

გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა-მუხლით მიმდინარეობს“, – განაცხადა ჭელიძემ.