Armenian      Russian

ახალქალაქში, თავისუფლებისა და ჯავახიშვილის ქუჩების გზაჯვარედინზე წითელ-ყვითელი ნიშნულები გააკეთეს. მერიაში არ იციან, ქვეითთა გადასასვლელები ქალაქის სხვა გზაჯვარედინებზეც გაფერადდება თუ არა.

თეთრი ფერის ქვეითთა ნიშნულები თავისუფლების ქუჩის ჩარენცის, დარბინიანის, ჯავახიშვილის, ჭავჭავაძის და რუსთაველის ქუჩებთან გზაჯვარედინებზე შარშან გაჩნდა, წლეულს ერთ თვეზე მეტი ხნის წინ განაახლეს. თუმცა, სამი დღის წინ თავისუფლებისა და ჯავახიშვილის ქუჩების გზაჯვარედინზე ქვეითთა გადასასვლელების ნიშნულები წითელ-ყვითელ ფერებში შეღებეს.

1

იმის გასაგებად, აპირებენ თუ არა სხვა გზაჯვარედინებზე მსგავსი ნიშნულების გაკეთებას და რატომ აირჩიეს ზუსტად ეს გზაჯვარედინი, JNEWS-მა მერიას მიმართა. თუმცა, ახალქალაქის მერიაში პასუხი ვერ მივიღეთ.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ქონებისა და დაგეგმარების განყოფილების სპეციალისტის, ვაჰან ბათოიანის თქმით, მათ არ იციან, რატომ გადაღებეს ქვეითთა გადასასვლელი ზუსტად ამ გზაჯვარედინზე.

“არ ვიცი, მსგავსად შეღებავენ თუ არა დანარჩენ ქვეითთა გადასასვლელებს. ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის განყოფილებას მიმართეთ”, – გვითხრა და ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განყოფილებისკენ გადაგვამისამართა.

ახალქალაქის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განყოფილებაში გვითხრეს, რომ მათ ამის შესახებ არაფერი იციან, ასევე, გაგვგზავნეს სხვა განყოფილებაში.

“არ ვიცი, ზედამხედველობის განყოფილებას ჰკითხეთ”, – თქვა ახალქალაქის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განყოფილების სპეციალისტმა რაზმიკ ნახატაკიანმა.

ჩვენ შევეცადეთ შეკითხვებზე პასუხი ზედამხედველობის განყოფილებაში მიგვეღო, თუმცა იქ გვითხრეს, რომ უფროსი ადგილზე არ არის.

ამის შემდეგ, ქალაქ ახალქალაქის მერს, იურიკ უნანიანს მივმართეთ, რომელმაც გვითხრა, რომ ზუსტ ინფორმაციას არ ფლობს, ასევე, გვირჩია ზედამხედველობის განყოფილებას ვკითხოთ.

შუადღის შემდეგ JNEWS-ი, როგორც იქნა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის უფროსს, არშაკ მინასიანს დაუკავშირდა.

“არ ვიცი, ჩვენ მხოლოდ ვაკონტროლებთ. რატომ არ გააკეთეს ნიშნულები სხვა გზაჯვარედინებზე, ან აპირებენ თუ არა – ეს ჩემი საქმე არ არის. ამ კითხვებზე ვერ გიპასუხებთ, ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის”, – თქვა არშაკ მინასიანმა და გვირჩია ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიული მართვის განყოფილებას მივმართოთ.

ინფრასტრუქტურის განყოფილებაშიც, ვერ მოახერხეს ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემა.

არშაკ ამოიანის თქმით, რომელმაც აღნიშნული სამუშაოების ტენდერი მოიგო, ამჟამად ქვეითთა გადასასვლელები მხოლოდ თავისუფლებისა და ჯავახიშვილის ქუჩების გზაჯვარედინზე შეღებეს წითელ-ყვითელ ფერებში. იქნება თუ არა ზუსტად ასეთი ნიშნულები დანარჩენ გზაჯვარედინებზე, ვერ გვიპასუხა.

აღსანიშნავია, რომ საგზაო ნიშნებისა და შეზღუდვების დამონტაჟებას მეწარმე არშაკ ამოიანი ახორციელებს, რომელმაც ტენდერი 34 600 ლარით მოიგო.