Armenian      Russian

ბათუმში, საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშ მყოფ მოხუცთა თავშესაფარში კორონავირუსის 6 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 1 ინფიცირებული თავშესაფრის თანამშრომელია, დანარჩენები კი თავშესაფარში მცხოვრებნი.

თავშესაფრის დირექტორმა, დეკანოზმა იოანე ბარამიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ინფიცირების წყარო უცნობია და ამჟამად თავშესაფარში კარანტინია.

„ერთი ინფიცირებული თანამშრომელია, ოღონდ ორი კვირის განმავლობაში არ იმყოფება დაწესებულებაში, შვებულებაში იყო. ექვსიდან ხუთი სამწუხაროდ მობინადრეა. დილიდან, როგორც კი ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა, ისინი გადაიყვანეს საავადმყოფოში.

ყველა მობინადრეს და თანამშრომელს ჩაუტარდა ტესტირება და ველოდებით ტესტირების პასუხს.

ჩვენთან იმყოფებოდნენ ეპიდემიოლოგები, მოგვცეს რეკომენდაციები, როგორ უნდა მოვიქცეთ. ყველა მობინადრე და თანამშრომელი იმყოფება დაწესებულებაში, ვიმყოფებით კარანტინის მდგომარეობაში. ოღონდ ჩვენ კარანტინი გამოვაცხადეთ 2 სექტემბრიდან“ – ამბობს დეკანოზი იოანე.

მისივე თქმით, ერთი ინფიცირებული 38 წლისაა, დანარჩენები 50 წელს ზემოთ არიან, ერთი პირი კი 70 წლამდე ასაკისაა.