Armenian      Russian

როგორი იქნება საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია, რას ველოდოთ მმართველი და ოპოზიციური პარტიებისგან, მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის სურვილის თაობაზე და სხვა მრავალის შესახებ JNEWS -ი პოლიტოლოგ, ნიკა ჩიტაძეს გაესაუბრა.

როგორი იქნება წინასაარჩევნო კამპანია საქართველოში, რას ველოდოთ ოპოზიციური პარტიებისგან?

– რაც შეეხება ოპოზიციას, სამწუხაროდ, სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას შორის არის უთანხმოება, მათ შორის “ნაციონალურ მოძრაობას”, “ევროპულ საქართველოს”, “სტრატეგია აღმაშენებელსა” და სხვებს შორის. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ისინი შეეცდებიან ხიდები ბოლომდე არ დაწვან, რადგან მათ კოორდინაცია, თანამშრომლობა ესაჭიროებათ.

ოპოზიცია, მაგალითად, “ევროპული საქართველო”- ხელისუფლებას აკრიტიკებს, მაგრამ მეორე მხრივ კი, ალტერნატიულ პროექტებს წარადგენს, მათ შორის, ბიზნესის განვითარების სფეროში. ეს ეხება პარტია “ლელოსაც”, ასე რომ, ვფიქრობ, ოპოზიცია აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას დაიწყებს.

მეორე მხრივ, ოპოზიციური კოორდინაცია იქნება, თუმცა მხარეებს უფრო მჭიდრო თანამშრომლობა მოუწევთ, რადგან ეს პარტიები ახლა კი არ თანამშრომლობენ, არამედ კონკურენტები არიან, რათა აჩვენონ, რომელია უფრო პროდასავლური და ეკონომიკური, და პოლიტიკური თვალსაზრისით, რომელი უნდა ემსახუროს საქართველოს ინტერესებს. დესტაბილიზაცია არ იქნება, მაგრამ წინასაარჩევნო კამპანია იქნება ძალიან ცხელი, ჩვენ ცხელი შემოდგომა გველის.

რას ველოდოთ მმართველი პარტიისაგან წინასაარჩევნო კამპანიის დროს?

– ისინი შავი და თეთრი პიარის გამოყენებას შეეცდებიან. შავი პიარი- ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” შეტევა, რომ მათი მართვის დროს იყო სისხლიანი რეჟიმი, ახლა კი თავისუფალ საქართველოში ვცხოვრობთ. მეორე მხრივ, ის შეეცდება იმის ჩვენებას, რაც “ქართული ოცნების” მართველობის პერიოდში გაკეთდა. ამ ყველაფერს ისინი ფინანსური რესურსების მობილიზაციის გზით აჩვენებენ. ჩვენ ვიცით, რომ ბიზნეს-სექტორი საკუთარ შემოწირულობებს, ძირითადად, “ქართული ოცნების” სასარგებლოდ აკეთებს. მარტო 2019 წელს “ქართულმა ოცნებამ” სახელმწიფო შემოწირულობებისა და ბიზნეს-სექტორის მხრიდან 50%-ზე მეტი მიიღო.

რამდენ პარტიას შეუძლია პარლამენტში შესვლა?

– ახლა საქართველოში 1% ბარიერია, შეიძლება ითქვას, რომ პარლამენტში დაახლოებით 6-7 პოლიტიკური სუბიექტი შეიძლება იყოს წარდგენილი. პროპორციული სიებით “ქართულ ოცნებას” ხმების 40-45%-ის მიღება, როგორც ეს 2016 წელს შეძლო, როდესაც სახელმწიფოს ფორმირებისათვის 48% მიიღო, ახლა გაუჭორდება. ოპოზიცია უფრო მეტ ხმას დააგროვებს, ვიდრე “ქართული ოცნება”, ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ 30 მაჟორიტარ ოლქში ვინ მოიგებს. “ქართულ ოცნებას” გაუჭირდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, როგორც 2016 წელს გააკეთა, როდესაც დასავლეთმა ხელისუფლების ქმედებებზე თვალი მეტნაკლებად დახუჭა. ახლა დასავლეთის მხრიდან გავლენა იგრძნობა.

რაში გამოიხატება ეს გავლენა?

– იმაში, რომ “ქართულმა ოცნებამ” არ უნდა გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი, ამერიკელი კონგრესმენების მხრიდან ივანიშვილის კრიტიკა, სურვილში, რომ საქართველო მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადავიდა, ანაკლიის პორტის სიტუაციით.

შეუძლია თუ არა მიხეილ სააკაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდეს?

– არა მგონია, თუკი “ნაციონალური მოძრაობა” გაიმარჯვებს, სააკაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტს მაინც ვერ დაიკავებს. პირველ რიგში, ის არ არის საქართველოს მოქალაქე, შემდეგ, მასზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. საქართველოს კანონით, ადამიანი, რომელსაც კანონი ეძებს, პრემიერ-მინისტრის პოსტს ვერ დაიკავებს.

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსს” ნამდვილად რუსეთი უჭერს მხარს და აფინანსებს, თუ ეს წინასაარჩევნო იერიშია?

– ვფიქრობ, რომ მათ რუსეთი უჭერს მხარს, რადგან “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლების ვიზიტი რუსეთში, შეხვედრები რუსეთის ფედერაციის დუმის წარმომადგენლებთან, გარდა ამისა, ინაშვილის ვიზიტი რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში და მარიონეტულ რეჟიმთან მოლაპარაკება- ამაზე მეტყველებს. რაც შეეხება ფინანსურ მხარდაჭერას, ეს დოკუმენტების მეშვეობით უნდა დამტკიცდეს, და ამ შემთხვევაში, პროცესში პროკურატურა უნდა ჩაერთოს.

“ქართული ოცნება” ცდილობს, რომ მისი კანდიდატები, შეძლებისდაგვარად, ახლები, პოლიტიკაში ადრე უცნობი სახეები იყოს, ეს რას შეიძლება ნიშნავდეს?

– ჩვენ ვიცით, რომ სოციოლოგიური გამოკითხვებით ხალხი “ოცნების” მუშაობით უკმაყოფილოა. გამოკითხული ადამიანების 50%-ზე მეტი თვლის, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით მიდის, და ახალი და ახალგაზრდა შემადგენლობით “ქართულ ოცნებას” სურს გვითხრას, რომ ისინი რეფორმებისათვის მზად არიან, და ამაში ახალგაზრდები იქნებიან ჩართულნი.