Armenian      Russian

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა,  ინდოეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე დააკავეს. დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულები საქართველოს ტერიტორიაზე სომხეთიდან შემოვიდნენ.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა სომხეთის რესპუბლიკიდან ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ 2020 წლის განმავლობაში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, პასუხისგებაში მისცა სხვადასხვა ქვეყნის 92 მოქალაქე, მათ შორის: თურქეთის რესპუბლიკის – 35, ინდოეთის – ცხრა, ირანის – ოთხი, პალესტინის – ოთხი, მაროკოს – ერთი და ალჟირის – ერთი მოქალაქე“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.