მალე ახალი სასწავლო წელი დაიწყება, მაგრამ აზავრეთში ჯერ კიდევ არ იციან, სასწავლო პროცესს სად და როგორ გაუკეთონ ორგანიზება. სოფელში არ არის სათანადო შენობა, ხოლო მოსწავლეების მშობლები, მეზობელ სოფელში ბავშვების გაგზავნაზე უარს ამბობენ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზავრეთში სკოლის კაპიტალური რემონტის ტენდერი უკვე გამოცხადებულია, თუმცა შენობა ჯერ არ იქნება მზად.

სოფელ აზავრეთში სკოლის შენობა უკვე მრავალი წელია ავარიულ მდგომარეობაშია. მასწავლებლებისა და მოსწავლეების მშობლების საჩივრების შესახებ JNEWS-მა მრავალჯერ დაწერა. 2019 წელს სოფლის მოსახლეობამ გაფიცვაც მოაწყო, ვიდრე ხელისუფლება ახალი სკოლის შენობის აშენებას არ დაპირდა.

წელს სკოლის შენობის კაპიტალური აღდგენისათვის ხელისუფლებამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 901 730 ლარი გამოყო. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2020 წლის 12 აგვისტოს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზავრეთის სკოლის კაპიტალური აღდგენის ტენდერი გამოაცხადა. განაცხადის შეტანის ბოლო ვადა 18 სექტემბერია.

ამასთანავე, სოფელში კვლავ არ იციან, სად და როგორ გაიმართება სასწავლო პროცესი, რომელიც 2 კვირაში დაიწყება, რადგან სკოლის შენობა ჯერ არ იქნება მზად.

სოფელ აზავრეთის სკოლის დირექტორის, სლავიკ ეგიაზარიანის თქმით, მან რამდენიმე ალტერნატივა შესთავაზა, თუმცა სამინისტროს მოთხოვნებს არცერთი მათგანი არ შეესაბამება .

“რესურს-ცენტრის დირექტორთან, თერეზა ჩივჩიანთან შეხვედრის დროს, დაწყებითი კლასებისათვის ფართის ქირაობა, ხოლო დანარჩენი მოსწავლეებისათვის დისტანციური გაკვეთილების ჩატარება შევთავაზე. თერეზამ უარი მითხრა, რადგან პირობები სტანდარტებს (სიშორე, სველი წერტილები და სხვ) არ შეესაბამება, და შემომთავაზა სასწავლო პროცესი მეზობელ სოფელ ბურნაშეთში, მეორე ცვლაში ჩატარდეს. თუმცა, ჩვენი სოფლისა და ბურნაშეთის მოსახლეობას შორის არის უთანხმოება. და ახლა გაურკვეველ მდგომარეობაში ვართ”,- ამბობს სლავიკ ეგიაზარიანი.

სარგის სუკიასიანი, ერთ-ერთი მოსწავლის მშობელია, რომელიც თავის ქალიშვილების მეზობელ სოფელ ბურნაშეთში გაგზავნაზე უარს აცხადებს.

“ახლა რატომ იწყებენ, აქამდე რას აკეთებდნენ? მარტის ბოლოს დაეწყოთ მშენებლობა, აშენებასაც მოასწრებდნენ. ზამთარში მეზობელ სოფელში როგორ ივლიან, ეს ხომ ერთი კვირა ან ერთი თვე არ არის, ზამთარი მოდის”,- ამბობს სარგის სუკიასიანი.

სოფელ ბურნაშეთში შვილების გაგზავნა გრიგორ ჩახალიანსაც არ სურს და სოფელში ფართის ქირაობას სთავაზობს.

სკოლის დირექტორის თქმით კი, ის სოფელში სათანადო პირობებს ვერ უზრუნველყოფს.

“სოფელში არ არის არცერთი შენობა, რომელიც შეიძლება სტანდარტებს შეესაბამებოდეს. არის შენობები, სადაც დიდი ხანია არავის უცხოვრია და არ ვიცი, რამდენად უსაფრთხოა. მაგრამ, საბოლოოდ რამე უნდა გადავწყვიტო, ჩემი მიზანი სასწავლო პროცესის დაწყებაა. დისტანციურ სწავლას საუკეთესო ალტერნეტივად მივიჩნევ”,- ამბობს სარგის სუკიასიანი.

სოფელ ბურნაშეთის მოსახლეობა JNEWS-თან საუბრისას პირდაპირ პასუხს იძლევა, ამბობს რომ მათი აზრი არავის აინტერესებს- “როგორც გადაწყვიტეს, ისე გააკეთონ”.

სოფელ აზავრეთის სკოლის დირექტორის, სარგის საკუასიანის თქმით, მან უკვე მოამზადა განათლების სამინისტროში წერილი თხოვნით, რათა მათ სკოლას, გამონაკლისის სახით, დისტანციური გაკვეთილების ჩატარების ნება დართონ. ამ დღეებში ის წერილს გააგზავნის.

სოფელ აზავრეთის სკოლაში 168 მოსწავლე სწავლობს, წელს პირველ კლასში 9 ბავშვი მიდის.