საქართველოში ყოველდღიურად იზრდება ერთჯერადი დახმარების მიღების მსურველთა რაოდენობა, სპეციალურ პორტალზე უკვე 810 ათასი ბავშვი და 482 ათასი ოჯახია დარეგისტრირებული, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 6 აგვისტოს გამართულ მთავრობის სხდომაზე მოსახლეობის დახმარების ახალი ეტაპის დაწყების შესახებ განაცხადა, რომლის ფარგლებშიც 18 წელს ქვემოთ ასაკის ყველა მოზარდი სახელმწიფოსგან 200 ლარის ფარგლებში ერთჯერად დახმარებას მიიღებს – დღეისათვის საქართველოში 18 წლამდე ასაკის დაახლოებით 880 ათასი მოზარდია.

იმ ოჯახებს, რომელთაც საბანკო დავალიანებები აქვთ, აღნიშნული თანხა არ ჩამოეჭრებათ. შესაბამისი შეთანხმება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კომერციული ბანკების ხელმძღვანელების შეხვედრაზე შედგა. ამ საკითხთან დაკავშირებით ბანკებმა შესაბამის საოპერაციო დონეზე მუშაობა უკვე დაიწყეს.

„აქ იყო გარკვეული შესაძლო ტექნიკური პრობლემები, რომელიც ჩვენ მოვაგვარეთ. გუშინ გვქონდა შეხვედრა საბანკო სექტორთან და მათთან საუბრის შემდეგ, მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ ეს სოციალური დანარიცხი, რომელსაც მიიღებენ ჩვენი მოქალაქეები, ოჯახები, არც ერთ შემთხვევაში არ იქნება საბანკო ვალდებულების აღსასრულებლად მიმართული“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თქმით, აღნიშნული სოციალური დახმარება, რომელსაც ბავშვები მიიღებენ ერთ–ერთ ყველაზე სწორ და ეფექტურ მხარდაჭერას წარმოადგენს, რაც არაერთი კვლევით დადასტურდა.

ბავშვებისთვის დახმარების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 15 აგვისტოს დაიწყო და 1 დეკემბრამდე გაგრძელდება, ფულადი დახმარების გაცემა კი 1 სექტემბრიდან დაიწყება. დახმარების მიღებისთვის აუცილებელია სპეციალურ ელექტრონულ პორტალ daxmareba.moh.gov.ge–ზე დარეგისტრირება.

თუ მშობელი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, მან უნდა მიმართოს: სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადგილობრივ თვითმმართველობებს; იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს ან „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს.