სოფელ კუმურდოს მოსახლეობა, იმის გამო არის შეშფოთებული, რომ მათ სოფელში საბავშვო ბაღის მშენებლობის დაწყება გაურკვეველი მიზეზების გამო ჭიანურდება. შემცირებული ფასების გამო, პირველ ტენდერში მონაწილეობის სურვილი არავის გამოუთქვამს, მეორეშიც, ადგილობრივების აზრით, შესაძლოა არავინ მიიღოს მონაწილეობა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა, სოფელ კუმურდოში საბავშო ბაღის მშენებლობისთვის, მიმდინარე წელს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 033 736 ლარი გამოყო. მშენებლობაზე ტენდერი პირველად 8 ივლისს გამოცხადდა, თუმცა, მასში მონაწილეობის სურვილი არავის გამოუთქვამს, შესაბამისად, ტენდერი შეუმდგარად გამოცხადდა. მიმდინარე წლის 30 ივლისს ტენდერი ხელახლა გამოცხადდა იმავე თანხაზე.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი კუმურდოს ტერიტორიული ოლქიდან, აშოტ საარიანი შეშფოთებულია, იმის გამო, რომ სკოლამდელი დაწესებულების მშენებლობა მიმდინარე წელს ვერ დაიწყეს, რადგან შარშან გამოყოფილი ფული სხვა რამეზე დაიხარჯა.

“მე, როგორც დეპუტატი, დაინტერესებული ვარ სოფელში აშენდეს საბავშვო ბაღი და დავინტერესდი, რატომ  არავინ მონაწილეობდა ტენდერში. დრო მიდის და ვშიშობ, მიმდინარე წელს ეს მოესწროს. მათ, ვინც ტენდერით იყვნენ დაინტერესებულები, განაცხადეს, რომ სატენდერო ფასები ძალიან დაბალია და კომპანიამ შესაძლოა, ამ ტენდერით მინიმუმ 150 000 ლარი იზარალოს”, – ამბობს აშოტ საარიანი.

საბავშვო ბაღის მშენებლობაზე ტენდერი ხელახლა 30 ივლისს გამოაცხადეს. განაცხადების მიღების ვადა 10 აგვისტოს იწურება. ტენდერი იმავე თანხაზეა გამოცხადებული, რაც პირველ შემთხვევაში იყო – 1 033 736 ლარი.

აშოტ საარიანი შიშობს, რომ ამჯერადაც არ იქნებიან მსურველები, რადგან თანხის მოცულობა იგივე დარჩა.

JNEWS-ი შეეცადა გაერკვია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში, რის საფუძველზე არის პროექტში შეტანილი სამშენებლო მასალისა და მომსახურების ფასები?

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ტერიტორიული მართვის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი, მაგდა ამირშადიანი მიიჩნევს, რომ ფასები ტენდერში პირიქით, მაქსიმალურია.

“ყოველ ტენდერში იწერება, რის საფუძველზე არის აღებული ფასები, არის მშენებლობის შემფასებელი ჯგუფი, რომელიც ყოველწლიურად, კვარტალურად აქვეყნებს თავის ფასებს და, თუ პროექტი არ არის შედგენილი ნორმების მიხედვით, არ ვიღებთ. მიმდინარე წელს მართლაც, პანდემიის გამო ფასები გაიზარდა, არ შემიძლია იმის თქმა, თუ რა არ მოსწონთ მათ პროექტებში, მაგრამ დამპროექტებლები წერენ დადგენილების საფუძველზე, ისინი ფასებს ციდან ვერ მოიტანენ, მათ აქვთ დოკუმენტები, რის საფუძველზეც წერენ ფასებს”, – აცხადებს მაგდა ამირშადიანი.

მისივე თქმით, ტენდერში აღნიშნულია პროექტის საერთო ღირებულება, ხოლო, რომელი სამუშაო რა ღირს, ადგენს მშენებელი. მთავარია, რომ ისინი ძირითად თანხას არ გასცდნენ.

“ტენდერში არ ფიქსირდება რა სამუშაოსთვის, რამდენი უნდა გადაიხადონ. ჩვენამდე არ მოსულა განცხადებები, რომ პროექტში რაღაც არასწორადაა. დამპროექტებლები იღებენ ფასებს, რომლებიც საქართველოშია, შესაძლოა, ახალქალაქში უფრო ძვირი იყოს, მაგრამ მათ შეუძლიათ მასალის თბილისიდან ჩამოტანა, ტენდერში ტრანსპორტირების ხარჯიც არის შესული და სხვა გასავალიც“, – ამბობს მაგდა ამირშადიანი.

როგორც მერიის წარმომადგენელი ამბობს, იმ შემთხვევაში, თუ ტენდერი 3-4-ჯერ ვერ ჩატარდება, მუნიციპალიტეტს შეუძლია ბაზრის შესწავლის შედეგად პირდაპირი ხელშეკრულებები გააფორმოს.