ნაირა მოსოიანი, სოფელ კარწახიდან, მისი თანატოლებისგან გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სტატიის გმირი სამართალს სწავლობს და ლექსებს თხზავს, ის როგორც თვითნასწავლი მხატვარია ცნობილია.

23 წლის ნაირა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობს. მიუხედავად არჩეული პროფესიისა, ნაირა ბავშვობიდან ხატავს და ლექსებს წერს. როგორც თვითონ ამბობს, ვიდრე კალმის ჭერას ისწავლიდა, ფანქარი ეჭირა, ხოლო სანამ დაწერდა- ხატავდა.

“ხატვა სამი წლის ასაკში დავიწყე. ვხატავდი ყველაფერზე, რაც ხელში მხვდებოდა. ჟურნალების კუთხეებში, ფურცლებზე, ჩემი მშობლების საბუთებზეც კი. ერთხელ ჩვენები თონეში ლავაშს აცხობდნენ, ბებიას ვუყურე და ვხატე. ოჯახის წევრები გაოცებულები იყვნენ. ამ ნახატების უმრავლესობას მე დღემდე ვინახავ”,- იხსენებს ნაირა.

ნაირას თქმით, როდესაც ფურცელს და ფანქარს იღებს ხელში, არასდროს წინასწარ არ იცის რა გამოუვა, არ იცის, თუ რას ან ვის დახატავს.

“მე არ შემიძლია დავგეგმო ან შეკვეთით პორტრეტი დავხატო. რაღაც უნდა ვიგრძნო, სიტუაცია, მომენტი აღვიქვა, გარემოებები მიბიძგებს შევქმნა ქმნილება. ჩვეულებრივ საღამოს საათებში ვხატავ. როგორც არ უნდა შევეცადო დღისით ვერ ვხატავ. უნდა იყოს შესაბამისი მომენტი, გარემოება და მოტივაცია”,- ამბობს ნაირა.

როდესაც წერა ისწავლა, ხატვის პარალელურად, ნაირა მოსოიანმა ლექსებისა და თემების წერა დაიწყო, და ბოლო დროს პატარა მოთხრობებსაც წერს. მისი ლექსების პირველი კრებული, რომელსაც ავტორმა “მე და კალამი” უწოდა, გამოქვეყნებისათვის უკვე მზად არის.

“მე და კალამი საუკეთესო, ერთგული მეგობრები ვართ. კალამს და ფურცელს ყველა ჩემს საიდუმლოს, ემოციებს და გრძნობებს ვუზიარებ. ლექსების კრებულის გამოქვეყნება ძალიან მინდა. მოთხრობებზე ჯერ კიდევ ვმუშაობ. ისინი ჩემი ცხოვრების სხვადასხვა სიტუაციებს აღწერენ, რომლებმაც მე დამარიგეს და მასწავლეს. ვიმედოვნებ, რომ მკითხველისთვისაც იქნება საინტერესო და ჭკუის დამრიგებელი”,- ამბობს ნაირა. ის წერს, როდესაც მოწყენილია და რაღაც საკითხი აღელვებს, ხოლო როდესაც ბედნიერია- ხატავს.

როგორც ხატვის, ასევე წერის დროს ნაირას ხშირად მუსიკა ეხმარება. ის სხვადასხვა ჟანრის მუსიკას უსმენს. თუ რაზე დაწერს და რა თემაზე დახატავს ზოგჯერ მუსიკაზეც არის დამოკიდებული. ხანდახან ხატვას სრულ სიჩუმეში ამჯობინებს.

საკუთარ ნამუშევრებს შორის ნაირა ერთ-ერთ ავტოპორტრეტს გამოყოფს, რომელიც, მისი აზრით, ყველაზე კარგად ასახავს მას.

“მე გავწევრიანდი ჯგუფში, სადაც ათასობით ქართველი მხატვარია. ჯგუფში ჩემი ნახატის განთავსების შემდეგ ბევრი დადებითი გამოხმაურება იყო. ამან უფრო მეტად შთამაგონა და წინსვლის მოტივაცია მომცა”,- აღნიშნავს ის.

ნაირა დაიბადა და გაიზარდა ახალქალაქის რაიონის სოფელ კარწახში. თვითნასწავლ მხატვარს მომავალში სპეციალიზირების სურვილი აქვს. ის საკუთარ სამხატვრო სახელოსნოსა და სტუდიაზე ოცნებობს.

ჰერმინე კარაპეტიან