Armenian      Russian

ახალქალაქის სპორტულ სკოლაში გათბობის გაყვანა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში თანხის არარსებობის გამო, კვლავ გაურკვეველი ვადით გადაიდო.

ცივი ამინდების დადგომასთან ერთად, ახალქალაქის სპორტულ სკოლაში დიდი სპორტული დარბაზის გათბობა აქტუალური პრობლემა ხდება. შენობა მთლიანობაში თბება, მაგრამ დიდი დარბაზი, სადაც ძირითადად სხვადასხვა სპორტული წრეების მეცადინეობები იმართება, არ არის. ამას წინათ, მერია პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა, 2019 წელს თუ არა, 2020 წელს აუცილებლად.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების ხელმძღვანელის, სამველ მურადიანის თქმით, ამჟამად სპორტულ სკოლაში გათბობის გაყვანა გათვალისწინებული არ არის.

“ამჟამად ახალქალაქის სპორტულ სკოლაში გათბობის გაყვანა ვერ მოხერხდება, ბიუჯეტში თანხა არ არის, – ამბობს ის.
მისი მტკიცებით, ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად როდის გადაწყდება ეს საკითხი.

“კონკრეტულად ვერ გეტყვით, როდის იქნება, როგორც კი იქნება შესაძლებლობა, გავაკეთებთ”,- თქვა სამველ მურადიანმა.

როგორც მწვრთნელები ამბობენ, ზამთარში რეგულარული მეცადინეობების ჩატარება შეუძლებელია, საფრთხე ექმნება ბავშვების ჯანმრთელობას. როგორც ამას წინათ JNEWS-თან ინტერვიუში მწვრთნელმა კარატეში, რაფაელ დარბინიანმა აღნიშნა, ზამთარში მას პატარა ბავშვებთან მეცადინეობების შეჩერება უწევს, რათა ისინი არ გაცივდნენ.

ამჟამად სკოლაში შემდეგი წრეები მოქმედებს: ფეხბურთი, მაგიდის ტენისი, ფრენბურთი, მინი-ფეხბურთი, ჭიდაობა, კარატე და რაგბი. 2018 წელს, შენობა ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით გარემონტდა, მაგრამ გათბობა დარბაზში არ არის გაყვანილი. სკოლის შენობა 1935 წელს არის აშენებული.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს 24 სექტემბერს, Jnews-თან ინტერვიუში, მერის მოადგილე არმენ მარანგოზიანმა განაცხადა: წელს ბიუჯეტში სახსრების არარსებობის გამო, ალბათ, ვერ მოვახერხებთ ამ საკითხის მოგვარებას, მაგრამ მომავალ 2020 წელს აუცილებლად გავაკეთებთ.