გუშინ, 17 ივლისს, დიდ და პატარა სამსარში სეტყვამ მოსავალი გაანადგურა, ასევე გზა და სოფელ დიდი სამსარში მიმავალი ხიდი გააფუჭა. უკვე დღეს ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე, დეპუტატებთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად სოფლები ინახულეს, რათა ადგილზე დაედგინათ ზარალის მასშტაბი და სოფლის მოსახლეობას დახმარებოდნენ.
საკრებულოს თავმჯდომარის ნაირი ირიციანის თქმით, გუშინდელი სტიქიური შემთხვევის შემდეგ სოფელ სამსარში იყვნენ, რათა ზარალის სიდიდე დაედგინათ. მისი მტკიცებით, ზარალი ნამდვილად დიდია, სეტყვამ მთელი მოსავალი გაანადგურა.
“დაინგრა სოფლის გზა და ხიდი, ასევე სოფელში მთლიანი მოსავალია განადგურებული”,- ამბობს ის.
სოფლის მოსახლეობის თქმით კარტოფილის რამდენიმე ათეული ჰექტარი მიწასთანაა გასწორებული. თუმცა, სოფელში მიწის ნაკვეთები ყველას არ ჰქონდა დარეგისტრირებული.
ნაირი ირიციანის თქმით, კომპენსაციას მიიღებენ ისინი ვისაც დაზღვევა ჰქონდა. როგორც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამტკიცებს, გზის შეკეთება მათი ვალდებულებაა, და მათ უნდა გააკეთონ. ამასთანავე ადამიანებს, ვისაც დაზღვევა არ ჰქონდა, შეშით დაეხმარებიან.
“მომხდარის შესახებ გუბერნიას შევატყობინებთ. გზა- ადგილობრივი მმართველობის საქმეა, ხოლო დანარჩენი ჩვენზე არ არის დამოკიდებული, თუმცა აუცილებლად დავეხმარებით ყველაფრით რითაც შევძლებთ”,- ამბობს ნაირი ირიციანი.