Armenian      Russian

ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩვილის ყიდვა-გაყიდვის ფაქტზე სამი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.

გამოძიებით დგინდება, რომ დუშეთში მცხოვრებ წყვილს, 2020 წლის 18 ივნისს ვაჟი შეეძინათ, დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით კი მათ ბავშვის გაყიდვა განიზრახეს.

„მშობლები დაუკავშირდნენ პირს, რომელსაც შეუთანხმდნენ, რომ 5 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ შვილს მიყიდდნენ, რაზეც მან თანხმობა განუცხადა. რის შემდეგაც, ეს პირი სამოქალაქო რეესტრში ახალშობილის მამად დარეგისტრირდა და დაბადების მოწმობა აიღო. შეთანხმებისამებრ, 5 000 აშშ დოლარი კი ახალშობილის მშობლებს გადასცა. რა დროსაც ისინი დააკავეს“, – აცხადებენ სუს-ში.

გამოძიება, არასრულწლოვნის მიმართ უკანონო გარიგების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ორიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.