პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე კორონავირუსის გამო, ადამიანებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შევა. საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2020 წლის 31 ოქტომბერს იგეგმება.

„დღეს, 3-საათიანი სამუშაო შეხვედრა გვქონდა არასამთავრობო სექტორთან, პოლიტიკურ პარტიებთან, მთავრობასთან და ჯანდაცვის შესაბამის სამსახურებთან არჩევნების დროს კოვიდის ინფექციის და უსაფრთხოების საკითხებზე“, – განუცხადა ჟურნალისტებს თალაკვაძემ.

მისი თქმით, სამსაათიანი შეხვედრის დროს განიხილებოდა ის ძირითადი თემები, რომლებიც დღის წესრიგში დგას.

„მაგალითად, როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი კარანტინში მყოფი პირების მიერ ხმის მიცემის უფლება, რა წესები უნდა იყოს დაცული საარჩევნო უბანზე – პირბადის გამოყენება, ხელების დამუშავება თუ უსაფრთხოების სხვა ზომები“, – განაცხადა თალაკვაძემ.

სპიკერი კმაყოფილი დარჩა შეხვედრით, რადგან ყველა მხარე იზიარებს არსებულ პრობლემებს და მათი გადაჭრის პრინციპებს.

„ჩვენ ამ რეგულაციებით კიდევ ერთხელ გავამყარებთ ჩვენი საარჩევნო პროცესის უსაფრთხოებას, მის დაცულობას და ჩატარებას თავისუფალ გარემოში. ეს რეგულაციები იქნება იმდენად მინიმალური, რამდენადაც ის უზრუნველყოფს ერთი მხრივ, დაცვას და მეორე მხრივ, არ შეზღუდავს საარჩევნო უფლებების განხორციელებას“, – განაცხადა თალაკვაძემ.

საქართველოს პარლამენტმა კვირას, 21 ივნისს პირველი მოსმენით დაამტკიცა შესწორებები კონსტიტუციაში 2020 წლის 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების ახალი სისტემით ჩატარების შესახებ. დამტკიცებული ცვლილებებით, პარლამენტში 150–დან 120 ადგილი განაწილდება პარტიებს შორის, რომლებმაც ამომრჩევლის 1%–ზე მეტი ხმა მიიღეს, ან ბლოკებს შორის, რომლებიც მიიღებენ ხმების სულ მცირე იმდენ პროცენტს, რამდენი სუბიექტიც შედის ამ ბლოკში. დანარჩენი ადგილები გადანაწილდება არჩევნების გამარჯვებულებს შორის 30 ერთმანდატიან ოლქში. ცვლილებებს ხმა მისცა 136–მა დეპუტატმა, წინააღმდეგ წავიდა ხუთი.