შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, ვისაც “მკვეთრად გამოხატული ხარისხის” სტატუსი გააჩნია და გარკვეული მიზეზების გამო სახელმწიფოს ანტიკრიზისული პროგრამის სოციალური დახმარების ფარგლებში, მაისის თვეში, 100 ლარის დანამატი არ მიუღიათ, კომპენსაცია ეკუთვნის. უბრალოდ, თუკი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები 100 ლარის პენსიას ავტომატურად ღებულობდნენ, დანარჩენებმა აღნიშნული პროგრამით სარგებლობისათვის შესაბამის დაწესებულებას უნდა მიმართონ.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სტატუსი, რომელიც ოფიციალურად «მკვეთრად გამოხატულ ხარისხს» ნიშნავს, საზოგადოებაში ეგრეთ წოდებულ 1-ლ კატეგორიას შეესაბამება. აღნიშნული კატეგორიის (მკვეთრად გამოხატული ხარისხის) ყველა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი საქართველოს ხელისუფლების ანტიკრიზისული პროგრამის სოციალური დახმარების ფარგლებში 600 ლარის ოდენობის კომპენსაციას მიიღებს. 600 ლარი 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით პენსიასთან ერთად დაერიცხებათ. მაისის თვეში შესაბამისმა ადამიანებმა კომპენსაცია უკვე მიიღეს, თუმცა იმათ, ვისაც აღნიშნული კატეგორია აქვს, მაგრამ მიიღეს მხოლოდ ასაკობრივი და არა შეზღუდული შესაძლებლობების მქონეს პირის პენსია, ამ თვეში დანამატი არ მიუღიათ.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, კომპენსაცია ყველა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს ეკუთვნის, ვისაც მკვეთრად გამოხატული ხარისხის სტატუსი გააჩნია. უბრალოდ ამ სტატუსის მქონე ადამიანებმა, ვინც დანამატი არ მიიღო, სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებით უნდა მიმართონ, ასევე უნდა გააგზავნონ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის ცნობა.

აღნიშნული ცნობის მიღება პირს საკუთარი ქალაქის სააგენტოს სერვისცენტრში შეუძლია. განაცხადის შევსება შესაძლებელია info@ssa.gov.ge ელექტრონულ გვერდზე (განაცხადს ელექტრონული ფოსტით წარადგენენ), ასევე პირადობის მოწმობა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი. მთლიანი განაცხადის წარდგენის შემდეგ, კომპენსაცია მომდევნო თვეში უკვე უნდა ჩაირიცხოს.