Armenian      Russian

ახალი კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთათვის, საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულიკომპენსაციების მიმღები პირების რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო და პირველ ივლისამდე გაგრძელდება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროში დღეს ბრიფინგი გაიმართა.

უწყების ინფორმაციით, კომპენსაციების მიმღები პირები უნდა ეწვიონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდს, სადაც სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით შეუძლიათ, გაიარონ რეგისტრაცია.

სამინისტრო განმარტავს, რომ პორტალზე რეგისტრაციის ვალდებულება გააჩნიათ მხოლოდ თვითდასაქმებულებს. დაქირავებით დასაქმებულებს, აღნიშნული რეგისტრაციის გავლის ვალდებულება არ აქვთ.

თვითდასაქმებულებმა, რომლებიც რეგისტრირებული არიან შემოსავლების სამსახურში და 2020 წლის აპრილიდან დაკარგეს შემოსავალი, დღეიდან ექვსი კვირის განმავლობაში განაცხადი უნდა შეავსონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე – www.moh.gov.ge. აღნიშნულ ჯგუფში შედიან:

– მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირები
– მეწარმე ფიზიკურ პირები
– პირები, რომლებიც ახორციელებენ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას
– მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეები
– ინდივიდუალური მეწარმეები.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კომპენსაციის მისაღებად მათ არ დასჭირდებათ შემოსავლის წყაროს მტკიცებულების წარდგენა.

კომპენსაციის მიღების შესაძლებლობაზე აღნიშნული ფიზიკური პირები შეტყობინებას იღებენ გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ გვერდზე – eservices.rs.ge.

ამასთან, მიღებული განაცხადების დამუშავება და კომპენსაციის გადარიცხვა მოხდება რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. ფიზიკურმა პირმა უნდა შეავსოს შემდეგი ინფორმაცია:

– სახელი, გვარი და პირადი ნომერი;
– საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი);
– საბანკო რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი).
თვითდასაქმებულებმა, რომლებიც რეგისტრირებული არ არიან შემოსავლების სამსახურში, დღეიდან ექვსი კვირის განმავლობაში უნდა შეავსონ განაცხადი ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე – www.moh.gov.ge და უნდა წარადგინონ 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი რამე დოკუმენტი.

ფიზიკურმა პირმა უნდა შეავსოს შემდეგი ინფორმაცია:

– სახელი, გვარი და პირადი ნომერი;
– საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი);
– საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

ასევე ფიზიკურმა პირმა უნდა ატვირთოს მაგალითად შემდეგი დოკუმენტები:

– გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) მიერ გაცემული პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება შემოსავლის მიღების ფაქტი (წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. მაგალითად შესყიდვის აქტი, მიღება ჩაბარების აქტი);
– 2020 წლის პირველი სამი თვის საბანკო ამონაწერი, რომლითაც დასტურდება ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი;
მუნიციპალიტეტის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირზე გაცემული რაიმე საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა ნებართვა/ლიცენზია;
საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის ეკონომიკური აქტივობა ან/და შემოსავალი;
– და სხვა.

განაცხადს განიხილავს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში არსებული სამუშაო ჯგუფი და გადაწყვეტილებას იღებს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილი უწყებათაშორისი კომისია. კომპენსაციის გადარიცხვა მოხდება კომიიის გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

ამასთან, იმ პირებს, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა, გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია, შეუძლიათ, მიმართონ დასაქმების სააგენტოს ან და სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებს და ადგილზე წარმომადგენლები დაეხმარებიან რეგისტრაციაში.

დამატებითი ინფორმაციის მიღება პირს შეუძლია, ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1505.