Armenian      Russian

იძულებითი იზოლაციის პირობებში ოჯახური და ქალზე ძალადობის ფაქტები საქართველოში არ გაზრდილა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია აქვეყნებს.

სამართალდამცველები მთელს მსოფლიოში, კარანტინის პერიოდში, ოჯახური ძალადობის ფაქტების ზრდაზე საუბრობენ. დახურულ სივრცეში მყოფი ადამიანები გაღიზიანებულები არიან და ბრაზს საკუთარი ოჯახის წევრებზე ანთხევენ, პირველ რიგში კი ქალებზე, ბავშვებსა და მოხუცებზე.

BBC-ის რუსული რედაქციის ინფორმაციით, ჩინეთის პროვინცია ჰუბეიში, საიდანაც დაიწყო კორონავირუსის – COVID -19 -ის გავრცელება, კარანტინის დროს პოლიციაში მიმართვიანობა 3-ჯერ გაიზარდა. საფრანგეთში, პირველი ერთი კვირის განმავლობაში ოჯახური ძალადობის რიცხვმა 32%-ით  მოიმატა. კარანტინის პერიოდში, ქალები გაცილებით ხშირად მიმართავენ პოლიციას ავსტრალიაში, ბრაზილიაში, დანიაში, ესპანეთსა და კვიპროსზე მცხოვრები ოჯახებიდან.

“ძალადობის ფაქტების გაზრდის რისკი მსოფლიოში არსებული კრიზისული ვითარების ერთ-ერთ გამოწვევად ფასდება. საქართველოში, პანდეემის ფონზე ოჯახური ძალადობის ზრდა, ამ ეტაპზე, არ შეინიშნება. მით უმეტეს, რომ ეკონომიკურ და სოციალურ რისკთან ერთად, სახელმწიფოს მხრიდან მუდმივად კონტროლდება ქალების მიმართ და ზოგადად ოჯახური ძალადობის რისკი”, – აცხადებენ საქართველოს მთავრობაში.

აღნიშნული თემა განიხილეს უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებშიც, ოჯახური ძალადობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე საუბრისას.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საქართველოში, ძალადობის მსხვერპლთათვის მუშაობას განაგრძობს “ცხელი ხაზი”: 116 006. ყველა მოქალაქეს, ვინც ამ ნომერზე დარეკავს, აღმოუჩენენ უფასო იურიდიულ კონსულტაციას და ფსიქოლოგიურ დახმარებას. ოპერატორები 8 ენაზე საუბრობენ: ქართულ, ინგლისურ, რუსულ, აზერბაიჯანულ, თურქულ, სომხურ, არაბულ და სპარსულ ენებზე.  კონსულტაციები უფასოა, ანონიმურობა გარანტირებული.

გარდა ამისა, საერთო კარანტინის მიუხედავად, საქართველოში ღიაა კრიზისული ცენტრები, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის.

დაზარალებულებს ასევე, შეუძლიათ მიიღონ ფსიქოლოგიური დახმარების დისტანციური სერვისი. დარეკონ “112”-ში და აცნობონ ოჯახური ძალადობის ფაქტზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის სტატისტიკის თანახმად, საქართველოში ოჯახური ძალადობა და ძალადობა ქალის მიმართ საერთო დანაშაულებში მესამე ადგილზეა.

წყარო: Новости-Грузия