Armenian      Russian

დოლარის კურსის მზარდობის თაობაზე ისევე, როგორც კორონავირუსის გავლენაზე, რომელსაც ის საქართველოს ეკონომიკაზე ახდენს, პროდუქტების ფასების მატებაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე Jnews.ge გიორგი მჟავანაძეს, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი, გაესაუბრა.

რატომ უფასურდება ლარი, რას უნდა ველოდოთ?

– თუ 9 მარტამდე განვიხილავთ, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში პირიქით იზრდებოდა, მაგრამ ეს დამოკიდებული იყო ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკაზე, რომელიც მან გასული წლის ბოლოს განახორციელა. საპროცენტო განაკვეთი 9 პროცენტამდე იყო აწეული, ასევე კომერციული ბანკებისთვის დოლარში მინიმალური სარეზერვო განაკვეთი დეპოზიტებზე შემცირდა. ამან ეკონომიკაში დოლარის მასის ზრდა გამოიწვია და ვალუტის კურსზე დადებითი ზემოქმედება მოახდინა. მაგრამ 9 მარტს ორი რამ მოხდა. პირველი, ეს იყო კორონავირუსი და მისი მასიური გავრცელება იტალიასა და მთელ მსოფლიოში. მეორე კი იყო ის, რომ 9 მარტს ნავთობის ფასის ვარდნა დაიწყო, რაც უკანასკნელი 10-15 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე აღმოჩნდა. ნავთობის ფასი 30-40 %-ით დაეცა. ეს ორი ფაქტორი საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე მოქმედებს.

კონკრეტულად ეკონომიკის რომელი სფეროები ზარალდება ?

საქართველოს ეკომიკისათვის ტურიზმი ერთ-ერთი პრიორიტეტული სექტორია. 2018 წლის სტატისტიკის თანახმად მშპ-ს 11,3% ტურიზმი შეადგენს, სამწუხაროდ 2019 წელს ჩვენ ასეთი სტატისტიკა არ გვაქვს, თუმცა ესაც არსებითია. თუ არ შევხედავთ მშპ-ს, არამედ საქართველოში შემოსულ უცხოურ ვალუტას განვიხილავთ, მაშინ 2019 წელს ტურიზმმა საქართველოში 3 მლრდ დოლარი შემოიტანა. ეს დაახლოებით იგივეა, რაც პროდუქტის რეექსპორტი. საქართველოში სხვა ქვეყნებიდან გადმორიცხული თანხები უფრო მეტია, პლიუს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები- ეს ძალიან დიდი რიცხვია და უცხოური ვალუტის შემოსვლა ვალუტის კურსზე ზემოქმედებს. რაც უფრო მეტი უცხოური ვალუტა შემოდის საქართველოში, ლარის კურსი მით უფრო მყარდება. კორონავირუსის გავრცელებამ ტურიზმის სამომავლო განვითარებაზე გავლენა მოახდინა. რადგან ვკეტავთ საზღვრებს, არც ევროპიდან, არც ჩინეთიდან და არც რუსეთიდან ტურისტები არ შემოვლენ და შესაბამისად უცხოური ვალუტა ჩვენს ქვეყანაში არ შემოვა.

რაც შეეხება ნავთობის ფასის დაცემას, ერთის მხრივ ეს საქართველოს ეკონომიკისათვის კარგია. ჩვენ ნავთობის, დიზელის და ბენზინის იმპორტიორი ქვეყნები ვართ და ჩვენ ნაკლები დოლარი გვჭირდება ბენზინისა და დიზელის იგივე რაოდენობის შესაძენად. მაგრამ, მეორეს მხრივ, ჩვენ ახლო ურთიერთობა გვაქვს რუსეთსა და აზერბაიჯანთან, რომლებიც ნავთობის მწარმოებლები არიან და როდესაც ნავთობის ფასი იკლებს, ეს დაუშვებელია მათი ეკონომიკისათვის და უარყოფითად მოქმედებს. ნეგატიური ზემოქმედება ხდება როგორც მათი ვალუტის კურსზე, ასევე ქართულ ეროვნულ ვალუტაზე. აზერბაიჯანი და რუსეთი ექსპორტსა და იმპორტში ჩვენი უმსხვილესი პარტნიორები არიან. ამას გარდა, საქართველოში ჩვენი მოქალაქეების მიერ განხოეციელებული ფულადი გადარიცხვების 30% რუსეთიდან ხორციელდება. ასეთი მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობების ფონზე ჩვენი ქვეყნის ვალუტაც ზარალდება. ბოლო პერიოდში რუბლი ფასში ძალიან სწრაფად იკლებს და ქართული ლარიც იგივე ტრაექტორიას იმეორებს. რაც შეეხება აზერბაიჯანულ მანათს, იქ ახლა არაფერი ხდება, რადგან მათ ფიქსირებული კურსი აქვთ, მაგრამ მე ვფიქრობ, ფასი თუ ასე შენარჩუნდა, დევალვაციას ისინი თავად განახორციელებენ.

უკვე საგრძნობლად გაიზარდა რამდენიმე პროდუქტის ღირებულება, როდემდე გაგრძელდება ასეთი არასტაბილური მდგომარეობა?

– ჩემი გადმოსახედიდან, ფასების მატება და კლება უშუალოდ პროდუქტზეა დამოკიდებული. მაგალითად, ფასები სასოფლო-სამეურნეობის პროდუქტებზე, რომლებიც მალფუჭებადი არ არის და მოთხოვნა მათზე მუდამ მაღალია, ასეთი პანიკის დროს კიდევ უფრო იზრდება. მაგალითად, კარტოფილის, მაკარონის, წიწიბურას, ბრინჯის და სხვა პროდუქტების ფასები იმატებს. დანარჩენ პროდუქტზე, როგორიცაა ელექტროტექნიკა, საწვავი ან ის პროდუქტები, რომელზეც მოთხოვნა ახლა არ არის, პირიქით ფასში იკლებს. ჩვენ, და არა მარტო ჩვენ, წელს ძალიან უცნაური სიტუაცია გვაქვს. კორონავირუსისა და გამოწვეული პანიკის გამო, ადამიანები პროდუქტს იმარაგებენ, ფასები თავისთავად მოიმატებს და ტენდენცია შენარჩუნდება მანამ, სანამ ეს ვირუსი და პანიკა არ დასრულდება. დანარჩენზე მოთხოვნა შემცირდება.

თუ არის არსებული ვითარების გაუმჯობესების იმედი ?

– სიტუაციის გამოუჯობესებას მე ჯერ ვერ ვამჩნევ, მაგრამ მთავარია, ჩვენ ახლა დანაკარგის მინიმიზაციამდე მივიდეთ. როგორც ეკონოკიკური, ასევე ადამიანთა სიცოცხლის დანაკარგის მინიმიზაცია. ასეთია რეალობა, ჩვენ ეს პრაქტიკა გვაჩვენა ჩინეთმა, იტალიამ და ესპანეთმაც. მადლობა ღმერთს, მათ ამ სტატისტიკაში ჯერ არ ვუსწრებთ. რას აკეთებენ ეს ქვეყნები, ისინი ეკონომიკის სტიმულირებას აკეთებენ.

რას აკეთებს საქართველო?

-ვფიქრობ ის, რასაც ახლა ხელისუფლება აკეთებს კარგი პრაქტიკაა, ის ინტერნაციონალურ პრაქტიკაზეა დაფუძნებული. რას გულისხმობს ეს. ცდილობენ ბიზნესის სტიმულირებას, ამ დროს ბიზნესს გადასახადს არ ახდევინებენ. უქმდება მიკრო ბიზნესის გადასახადები, ასევე იმ ბიზნესისათვის, რომლებიც ტურისტულ სექტორში მოქმედებენ. მათ შეუძლიათ მომავალი 2-3 თვის განმავლობაში გადასახადები არ გადაიხადონ, რაც მათ დამატებით ლიკვიდურობას ანიჭებს. უპირველესყოვლისა, მათ შეინარჩუნეს ეკონომიკური აქტიურობა. შემდეგ, იზრდება იმ სამედიცინო მომსახურების დაფინანსება, რომელიც კორონავირუსის მკურნალობაში მონაწილეობს… ყველა ქვეყანა, რომელიც კორონავირუსს განიცდის, ეკონომიკის სტიმულირებისათვის ამ ნაბიჯებს ითვალისწინებს. ვფიქრობ, მალე ეროვნული ბანკიც ამ ფაზაში გადავა და ისიც დაიწყებს ეკონომიკის სტიმულირებას.

შესაძლებელია თუ არა, რომ ეროვნულმა ბანკმა ლარის დაცემა შეაჩეროს ისე, როგორც რამდენიმე ხნის წინ იყო გაკეთებული?

– ეროვნულმა ბანკმა უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში ეს უკვე ორჯერ გააკეთა: ეს იყო რამდენიმე დღის წინ 20 და ამ დღეებში 40 მლნ დოლარი. ეროვნული ბანკი ვალუტის კურსის დაცემის დარბილებას ცდილობს, მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ დოლარის მსგავსი ინექციები საკმარისი არ არის. ჩვენ ეს შეიძლება ერთ თვემდე გავახანგძლივოთ, მაგალითად, ყოველ დღე 20-40 მლნ დოლარი გავყიდოთ- ეს გარკვეული დროის განმავლობაში დაგვეხმარება, მაგრამ ერთი თვის შემდეგ ჩვენ დოლარის რეზერვი ამოგვეწურება. ეს უფრო ნეგატიურად იმოქმდებს ჩვენზე, ვიდრე ვალუტის კურსის დაცემა. ყველაზე მთავარია, რომ ლარის კურსი ლირასთან, მანათთან, სომხურ დრამთან, რუბლთან და სხვა ვალუტებთან მიმართებაში არ დაეცეს. თუ კურსი სტაბილური იქნება, ჩვენთვის ფასები არ მოიმატებს. თუკი ლარის კურსი ამ ქვეყნების ვალუტასთან მიმართებაშიც დაეცა, ეს ჩვენთვის პრობლემა იქნება და ვალუტის კურსი ინფლაციაში გადავა. თუმცაღა, მეორეს მხრივ, მოსახლეობის ვალის 60-% დოლარშია, და როდესაც დოლარი ფასში იმატებს, რთულდება კომერციული ბანკების ვალის გადახდა. ეს არის დოლარიზაციის ერთ-ერთი პრობლემა.